მოზარდზე ზეწოლა

გახარია: მიუღებელია მომხდარი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების ყოველგვარი მცდელობა

წარწერა, რომელიც მოზარდმა მწვანე სკოლის კედელზე გააკეთა

"მიუღებელია მომხდარი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების ყოველგვარი მცდელობა. ყველამ მაქსიმალურად უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან" - 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ფაქტზე პრემიერმინისტრი გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს. მისი მტკიცებით, "უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, მიუხედავად რანგისა თუ სტატუსისა, რომლის მხრიდანაც რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის ფაქტს დაადასტურებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური". 15 წლის ბიჭი პოლიციაში ორდღიანი გამოკითხვის შემდეგ, კორპუსის მეცხრე სართულიდან გადახტა. ის ექვსი დღის შემდეგ, საავადმყოფოში გარდაიცვალა, რის შემდეგაც ჩვენების იძულების მიღების ბრალდებით დააკავეს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი.

"ვავალებ როგორც შინაგან საქმეთა, ისე, განათლების სამინისტროებს, სრულად ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რომელიც აუცილებლად იქნება ღია და გამჭვირვალე" - აცხადებს გახარია.

პრემიერმინისტრის თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით კანონმდებლობის თუ პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის, ჯერ კიდევ გვაქვს წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემები". მისი განცხადებით, "ჩვენ ყველა, მთელი საზოგადოება ერთად ვართ პასუხისმგებელი ლუკა სირაძის, მისი ოჯახის წინაშე, რომ წლების განმავლობაში არსებული სისტემური ხარვეზები მინიმუმამდე შევამციროთ".

გიორგი გახარიამ დაავალა შინაგან საქმეთა სამინისტროს, "დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები" უწყებაში არასრულწლოვანზე მორგებული საგამოძიებო გარემოს შესაქმნელად.

"უზრუნველყოს არასრულწლოვნებთან მომუშავე გამომძიებლების და მენეჯერების სპეციალიზაცია და შესაბამისი კრიტერიუმებით ფრთხილად შერჩევა, განახორციელოს მათი მუდმივი გადამზადება და მონიტორინგი" - ამბობს პრემიერი.

გიორგი გახარია ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებს ავალებს, "დაუყოვნებლივ დასახონ სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის კონკრეტული, დროში გაწერილი გეგმა და წარმოადგინონ ერთი კვირის ვადაში", ხოლო იუსტიციის სამინისტროს - წარმოადგინოს საკანონმდებლო ხედვა სახელმწიფოსთან შემხებლობაში მყოფი ბავშვის უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის შესაძლებლობაზე.

"საქართველოს მთავრობა იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ დააჩქარებს და მაქსიმალურად მოკლე ვადაში წარმართავს ამ მიმართულებით დაწყებულ რეფორმას; პროცესის კოორდინაციას, არასრულწლოვანთა სფეროში მომუშავე პროფესიონალების და ყველა შესაბამისი აქტორის ჩართულობით, განახორციელებს ღიად და გამჭვირვალედ. ამაში გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი" - აცხადებს გიორგი გახარია.

15 წლის ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა. მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ. ოჯახის ცნობით, ბიჭს "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. 

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, საია-ს ცნობით, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. შსს-მ დაადასტურა, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება".

საიას ინფორმაციით, მოზარდი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა - მას ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო თავად მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება. საია-ს ინფორმაციითვე, მოზარდი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება ითხოვა, თუმცა უარი უთხრეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარით, მოტყუებით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულებას გულისხმობს, მისცეს ჩვენება. პარალელურად, გამოძიება მიმდინარეობს თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი დღის წინ ამტკიცებდა, რომ მოზარდზე "არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა". შს მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმითვე, არც პირველ და არც მეორე დღეს არასრულწლოვანს აღიარებითი ჩვენება არ მიუცია. მას შემდეგ, რაც მოზარდი გარდაიცვალა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც ცნობილი გახდა, რომ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. ის დაკითხვის დროს ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფება.

კომენტარები