მოზარდზე ზეწოლა

წულუკიანი: გვაქვს კარგი არასრულწლოვანთა კოდექსი, გამოიყენეს თუ არა კარგად, იტყვის გამოძიება

ტაბულა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების "ძალიან კარგი" კოდექსი აქვს. მისი თქმით, კოდექსი "ზედმიწევნით კარგად" უნდა გამოიყენონ იმ ადამიანებმა, ვინც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში მონაწილეობს. ტაბულას კითხვაზე, 15 წლის ლუკა სირაძის გამოკითხვისას გამოიყენეს თუ არა სამართალდამცველებმა კარგად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ გამოძიებას ელოდება.

"ჩვენ ვერ ვიქნებით ამ დარბაზში ვერც პროკურორები, ვერც გამომძიებლები და მითუმეტეს, ვერც მოსამართლეები. შესაბამისად, თქვენთან ერთად ვაკვირდები, როგორ განვითარდება მოვლენები, მესმის, საქართველოში ძალიან მოდაშია, გამომძიებლის ნაცვლად ვილაპარაკოთ ყველამ, მაგრამ ეს ასე ვერ იქნება. ამიტომაც მოგახსენეთ, მეც თქვენსავით ვაკვირდები, გაფართოვდება თუ არა გამოსაკითხი ან დასაკითხი პირთა წრე. გამოსაკითხი პირი შეიძლება იყოს მოწმე, ხოლო დასაკითხი - ვინც პასუხისგებაშია მიცემული. ვნახოთ, ეს წრე გაფართოვდება თუ არა, მოიცავს თუ არა სამართალდამცავ სისტემაში სხვა პირებს, ვიდრე ერთი გამომძიებელია. და ასევე ძალოვანი სტრუქტურების გარდა, საგანმანათლებლო სისტემაში, მათ შორის, სკოლის მესვეურებს და სხვა წარმომადგენლებს, ამიტომაც არის ეს საქმე კომპლექსური" - ამბობს წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრმა არ უპასუხა ტაბულას კითხვას, მისი განცხადებიდან გამომდინარე, ძირითად პასუხისმგებლობას სკოლაზე ხედავს თუ სამართალდამცველებზე.

"არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი არის ძალიან კარგი კოდექსი, ამ ხელისუფლების ერთერთი მთავარი მიღწევა, რომლის გადაღებასაც ცდილობს ევროპული ქვეყანა, სულ ახლახან ლუქსემბურგმა დაიწყო ჩვენი მოდელის მიხედვით საკუთარი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა ეს კოდექსი ამოქმედდეს, აუცილებელია, ის იყოს გამოყენებული ზედმიწევნით კარგად, იმ ადამიანების მიერ, ვინც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში მონაწილეობს, იქნება ეს სოციალური მუშაკი, პროკურორი, მოსამართლე თუ სხვა.

იყო თუ არა არასრულწლოვანთა ქართული კარგი მართლმსაჯულების კოდექსი კარგად გამოყენებული იმ დღეს, მოცემული არასრულწლოვანი პირის გამოკითხვისას თუ დაკითხვისას, ამაზე მე ჩემი პასუხები შეიძლება მქონდეს, მაგრამ დაველოდოთ, რას იტყვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რადგან მას მიჰყავს გამოძიება. კარგი იქნება თუ ჩვენ იმ ორგანოს, რომელიც პირველ ნოემბერს ამუშავდა და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოა, არ შევუშლით ხელს, რადგან არამხოლოდ სირაძის საქმეზე ჭეშმარიტების გამოვლენაა სასწორზე, არამედ თვითონ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეპუტაციაც, ამიტომ შევეცადოთ, მათ ვაცადოთ მუშაობა" - ამბობს წულუკიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ კერძო სკოლებსაც უნდა დაუწესდეთ საჯარო სკოლების მსგავსი "თუნდაც მკაცრი" რეგულაციები.

---

15 წლის ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა - მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. 

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, საია-ს ინფორმაციით, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. შსს-მ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება".

ადვოკატ რეზი აჭარაძის თქმით, დედის გარდა, ჩვენებაში მწვანე სკოლის უსაფრთხოების მენეჯერიც ადასტურებს, რომ პოლიციელები ლუკა სირაძეს ძმისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ. ასევე, ადვოკატის მტკიცებით, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ეს იყო "ძველი სტილის დაკითხვა" და ლუკა სირაძეს სხვა არასრულწლოვანიც დაუპირისპირეს, რასაც უკვე ადასტურებს პროკურატურაც. 

ასევე, ცნობილი გახდა, რომ გამოკითხვის შემდეგ, კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა სცადა თვითმკვლელობა.

თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ბიჭზე "არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა". შს მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმითვე, არც პირველ და არც მეორე დღეს არასრულწლოვანს აღიარებითი ჩვენება არ მიუცია. მას შემდეგ, რაც მოზარდი გარდაიცვალა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც ცნობილი გახდა, რომ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, თუმცა, იმის გამო, რომ დაკავებისას ცუდად გახდა, მარიანა ჩოლოიანი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარით, მოტყუებით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულებას გულისხმობს, მისცეს ჩვენება. პარალელურად, გამოძიება მიდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე

კომენტარები