ჰოლანდიის ქალაქ ვლისინგენის მერიის გადაწყვეტილებით, გემმა, რომელშიც ქართული მონასტერია განთავსებული, ქალაქის პორტი პირველ მარტამდე უნდა დატოვოს.
ხომალდს, რომელზეც სამლოცველოა მოწყობილი, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს პატივსაცემად, "ELIA II" ეწოდება.
"ჯერ კიდევ დაუმთავრებელი მონასტერი არის მამა აბიბოსის ოცნება, რომელიც მონასტერზე ორი წელი მუშაობდა. მამა აბიბოსის თქმით, ის იმედოვნებდა, რომ გემი ნავსაყუდელს ვლისინგენში დაიდებდა, სადაც ქართულ მონასტერს რამდენიმე ასეული მლოცველი ჰყავდა", - წერია სტატიაში.
ქალაქის თვითმმართველობის წევრი ელს ვერჰაჟი ამბობს, რომ ქალაქი ყოველთვიურად ახანგრძლივებდა ნებართვებს, რათა გემზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დასრულებულიყო, რის შემდეგაც მას ვლისინგენი უნდა დაეტოვებინა.
"პორტში მონასტრის მოწყობა არ არის დაშვებული, მამა აბიბოსი ჩვენ ამის თაობაზე წერილობით გავაფრთხილეთ,"- ამბობს ის.
Reuters-თან საუბარში მამა აბიბოსი ამბობს, რომ გემზე სარემონტო სამუშაოების პირველ მარტამდე დასრულებას ეცდებიან და ხომალდისთვის ახალ ნავსაყუდელს მოძებნიან.