საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უსამძიმრებს.
"გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი ა.წ. 8 იანვარს თეირანში უკრაინის თვითმფრინავის ავტოკატასტროფის გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს. ვუსამძიმრებთ უკრაინის პრეზიდენტს და ასევე იმ ქვეყნების ხელისუფალთ, რომელთა მოქალაქეებიც ბორტზე იმყოფებოდნენ",-წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, 8 იანვარს ირანის დროით 04:30 საათზე ჩამოვარდა და შედეგად ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა. თვითმფრინავზე მყოფთა ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა ის 176-დან 180-მდე მერყეობს.
თეირანის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელმა ალი აბედზადეჰმა განაცხადა, რომ ავიაკატასტროფის შემდეგ ირანი უკრაინული თვითმფრინავის შავ ყუთს თვითმფრინავის მწარმოებელ Boeing-ს არ გადასცემს. Boeing ამერიკული კომპანიაა.
ასევე, Reuters-ის ცნობით, ირანში ავიაკატასტროფა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებისთვის პირველი ფატალური შემთხვევაა.
უკრაინა ავიაკატასტროფის რამდენიმე შესაძლო მიზეზს განიხილავს, მათ შორის, შესაძლო სარაკეტო თავდასხმას, შეჯახებას, ძრავის აფეთქებას ან ტერორიზმს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ქვეყანაში 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.