კრიმინალი

POG ბასიანთან 3 პირის დაჭრაში ბრალდებულზე: გამოძიება გრძელდება, შესაძლოა, მუხლი შეიცვალოს

interpressnews

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ღამის კლუბ ბასიანთან სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულის საქმეზე, შესაძლოა, ბრალდების კვალიფიკაცია შეიცვალოს. უწყების ცნობით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში. ამჟამად პროკურატურა ბრალდებულ ბიძინა ჩაჩხიანს სსკ-ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა) და 117-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ", მეხუთე ნაწილის "გ", მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით (ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი "ხულიგნური ქვენა გრძნობით") გათვალისწინებული დანაშაულებების ჩადენას ედავება.   

"დადგინდა, რომ 2020 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 02:30 საათზე, ბიძინა ჩაჩხიანი იმყოფებოდა ღამის კლუბ ბასიანში, რა დროსაც ის არ დაემორჩილა ღამის კლუბში დადგენილ წესებს და გააძევეს კლუბიდან. ამის გამო განაწყენებული დაბრუნდა ბასიანის ტერიტორიაზე,  ხმამაღლა გინებით ითხოვდა კარის გახსნას და სანადირო გლუვლულიანი თოფიდან  გაისროლა ბასიანის შესასვლელი კარის მიმართულებით. შედეგად, სამმა პირმა მიიღო დაზიანება სხეულის სხვადასხვა მიდამოში. ინციდენტი გაგრძელდა დაახლოებით 5-7 წუთის მანძილზე, რის შემდეგაც ბიძინა ჩაჩხიანმა დატოვა შემთხვევის ადგილი და მიიმალა.

შემთხვევიდან რამდენიმე საათში, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ბიძინა ჩაჩხიანი, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღი - მასზე შეძენა-შენახვა-ტარების უფლებით რეგისტრირებული 12 კალიბრის, გლუვლულიანი სანადირო თოფი და მისთვის განკუთვნილი ვაზნები. 

ბრალდების წარდგენა მოხდა კანონით გათვალისწინებულ, დაკავების 48 საათიან ვადაში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა საქმეზე  გამოძიება გრძელდება ყოველმხრივ,  ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოსაკითხია დაზარალებულები. ისინი უახლოეს პერიოდში გამოიკითხებიან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

ხსენებულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში,  მოპოვებული მტკიცებულებების შეფასებისა და ანალიზის შემდგომ, შესაძლებელია შეიცვალოს ბრალდების  კვალიფიკაცია" - აცხადებს პროკურატურა.

39 წლის ბიძინა ჩაჩხიანს, რომელმაც 12 იანვარს კლუბ ბასიანის შესასვლელთან სანადირო იარაღით 15-ჯერ გაისროლა და 3 ადამიანი დაჭრა, საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბიძინა ჩაჩხიანი წარსულშიც არის ნასამართლევი. ის საპატიმროდან 2012 წელს საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა.

ევროპული საქართველო გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, კლუბ ბასიანთან სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიციროს და გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლითაც გაგრძელდეს. ოთარ კახიძის შეფასებით, გამოძიების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაწყება გენერალური პროკურატურის მხრიდან საზოგადოებისადმი გზავნილია, რომ ამ ტიპის "უმძიმესი დანაშაულების მიმართ პოლიტიკა ლოიალურია".

კომენტარები