თეირანში ჩამოგდებული უკრაინული თვითმფრინავი

ირანის საგარეო საქმეთ სამინისტრო: ავიაკატასტროფას პოლიტიკურ საკითხად ნუ აქცევთ

Fox News

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის მიერ უკრაინული ავიახაზების ჩამოგდებაზე, რომლესაც 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, განაცხადეს, რომ ავიაკატასტროფაში ჩართულმა ქვეყნებმა ამ საკითხის პოლიტიზირება უნდა ირიდონ.

"ყველა მხარეს ვთხოვთ, ადამიანურ პრობლემებს, კერძოდ ამ ტრაგიკულ შემთხვევას, პოლიტიკური ქმედებების მიზეზად ნუ აქცევთ," - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აბას მოუსავიმ.

11 იანვარს ირანმა აღიარა, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი რაკეტით შეცდომით ჩამოაგდეს. 4 დღის განმავლობაში ქვეყანა უარს ამბობდა, უკრაინისთვის ე.წ შავი ყუთის გადაცემაზე. ირანის რევოლუციურმა გვარდიამ უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაზე სრული პასუხისმგებლობა აიღო.

გუშინ ირანში განაცხადეს, რომ დააკავეს თვითმფრინავის ჩამოგდებაში პასუხისმგებელი პირები, თუმცა მათი რაოდენობა არ დაუკონკრეტებიათ. როუჰანიმ თქვა, რომ გამოძიებას სპეციალური სასამართლო წარმართავს, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს.

გარდა ამისა ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დააკავეს 30-ზე მეტი ადამიანი.

ამ დრომდე ირანის ქუჩებში აქციები არ წყდება. თავდაპირველად აქციები დაღუპულებისათვის პატივის მისაგებად დაიწყო, თუმცა შემდეგომ ანტი-სამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და ცეცხლსასროლი იარაღიც კი გამოიყენა.

კომენტარები