საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით თურქეთის სამი მოქალაქე დააკავეს.
უწყებაში ამბობენ, რომ ბრალდებულებმა ბათუმში, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს - 1987 წელს დაბადებულ ბ.ე.-ს, რის შემდეგაც იგი ავტომანქანით თბილისის მიმართულებით წაიყვანეს.
"გამომძალველები მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდნენ დაზარალებულის ძმას და მას 130 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ძმის - ბ.ე.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, აღნიშნული ავტომობილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში შეაჩერა და დანაშაულში მონაწილე სამივე პირი დააკავა", - ამბობენ უწყებაში.
დაკავებულები არიან 1975 წელს დაბადებული დ.ს., 1982 წელს დაბადებული ი.ა. და 1992 წელს დაბადებული ბ.ჯ.
შსს-ს ცნობით, გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.