სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 6.4% შეადგინა.
განსაკუთრებით მოიმატა ფასებმა საქონლისა და მომსახურების შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (11.3%) და ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (11.2%).
საქსტატი იძლევა ინფორმაციას იმაზეც, თუ რომელ ქვეჯგუფებზე გაიზარდა ფასები ყველაზე მეტად. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიაში ყველაზე მეტად გაძვირდა:
- ხილი და ყურძენი - 28.3%
- რძე, ყველი და კვერცხი - 15%
- ხორცი და ხორცის პროდუქტები - 14.2%
- თევზეული - 12.4%
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 10.5%
ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს კატეგორიაში კი თამბაქოს ნაწარმზე ფასები 20.2%-ით გაიზარდა, ალკოჰოლზე - 3.4%-ით.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციის სამიზნე ნიშნული 3%-ია.
ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2020 წლის დასაწყისიდან ინფლაცია კლებას დაიწყებს და წლის ბოლოს სამიზნე მაჩვენებელს, 3%-ს მიუახლოვდება.
ამის გამო ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა იანვრის ბოლოს აღარ გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 9%-ზე დატოვა.