შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მომხდარ მკვლელობის საქმე გახსნილია. უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 1969 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი კ.შ.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 5 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მარტყოფთან მდებარე ღვთაების მონასტრის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კელიაში, 1958 წელს დაბადებულ რუსეთის მოქალაქეს - ი.დ.-ს ნაჯახის გამოყენებით კისრის არეში დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. კ.შ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაჯახი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.