შსს-მ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის კარანტინში იძულებით კიდევ 20 პირი გადაიყვანა

რადიო თავისუფლება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 15 მარტს თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 20 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

თბილისში, მცხეთაში,კახეთის, იმერეთის, გურიის და აჭარის რეგიონებში მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი.

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 42 ადამიანია იმყოფება.

უწყება კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.

შსს მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 30 შემთხვევა გამოვლინდა. პირველი 2 პაციენტი უკვე განიკურნა.

კარანტინის რეჟიმშია 439 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 64.

15 მარტის მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 162 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.

დაიღუპა 6 000-ზე მეტი, გამოჯანმრთელდა 76 000-ზე მეტი.

______________________________________________________________________________________________

ახალი კორონავირუსი COVID-19 ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა. COVID-19 მსოფლიოს 149 ქვეყანაშია გავრცელებული.

WHO-მ ვირუსი პანდემიად გამოაცხადა, "გავრცელებისა და სიმძიმის შემაშფოთებელი დონისა და შემაშფოთებელი უმოქმედობის" მიზეზებით.

COVID-19 ადამიანიდან ადამიანს წვეთოვანი გზით გადაეცემა, ანუ სითხეებით, რომლებიც პირიდან და ცხვირიდან გამოიყოფა. ვირუსის სიმპტომებია: სხეულის მომატებული ტემპერატურა; სუნთქვის გაძნელება; დაღლილობა; მშრალი ხველა; ცხვირის დაგუბება; სურდო; დიარეა.

ვირუსის თავიდან ასაცილებლად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს რეკომენდაციებს: ხელები ხშირად დავიბანოთ, არანაკლებ 20 წამის განმავლობაში; ხელების დაბანამდე არ შევეხოთ სახეს, ცხვირს, ტუჩებს, თვალებს; დეზინფექციისთვის გამოვიყენოთ სამედიცინო სპირტი ან სხვა სითხეები, რომელთა შემცველობის 70% ან მეტი სპირტია. მოვერდოთ თავშეყრის ადგილებს, საჯარო სივრცეებში ყოფნას; იმ შემთხვევაში, თუ კონტაქტი გვქონდა ინფიცირებულთან ან სავარაუდო ინფიცირებულ ადამიანთან, 2 კვირის განმავლობაში დავრჩეთ თვითიზოლაციაში.

NCDC-მ და საქართველოს მთავრობამ დააწესა 2-კვირიანი სავალდებულო კარანტინი ან თვითიზოლაცია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოში შემდეგი 8 ქვეყნიდან შემოვლენ: ჩინეთიდან; სამხრეთ კორეიდან; ირანიდან; იტალიიდან; საფრანგეთიდან; გერმანიიდან; ესპანეთიდან; ავსტრიიდან;

კომენტარები