იმნაძე: ჩეხები არიან ჩეხეთში, კავშირი გვაქვს შესაბამის სამსახურებთან და ამ პიროვნებებთან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ცნობით, მათ მუდმივი კავშირი აქვთ ჩეხ ტურისტებთან, რომლებიც გუდაურში იმყოფებოდნენ და ჩეხეთში დაბრუნების შემდეგ ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"გუდაურში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანს ვინმე იქ ჩაეხუტა... ჩვენ მოვნახავთ ყველა პირს, ვინც საჭიროა, დანჩენები წყნარად და მშვიდად იყვნენ, თუ ძალიან ნერვიულობენ მოექცნენ თვითიზოლაციაში. ჩეხები არიან ჩეხეთში, გვაქვს მუდმივი კავშირი ამ პიროვნებებთან, ასევე შესაბამის სამსახურებთან ჩეხეთში", - ამბობს იმნაძე.

პაატა იმნაძემ ასაკოვან პირებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ მაქსიმალურად შეეცადონ თვითიზოლაციის წესების დაცვას და მოერიდონ თავშეყრის ადგილებს.

გუდაურში, რესტორნის "მთვრალი ალუბალი" წარმომადგენლებმა დღეს, 16 მარტს, Facebook-ზე განცხადება გაავრცელეს, სადაც წერენ, რომ მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ 4 მარტს გუდაურში ჩასული 6 ტურისტიდან სამს კორონავირუსი დაუდგინდა. 

ამ დროისთის რესტორანი დაიხურა და თანამშრომლები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

"რესტორანი დაკეტილია, ჩვენი ორი თანამშრომელი მაღალი სიცხით ელოდება კატასტროფის ბრიგადას. ვინც ამ დღეებში იყავით მთვრალ ალუბალში, გთხოვთ, იზრუნოთ თქვენი და თქვენი გარშემომყოფების ჯამრთელობაზე, გთხოვთ, რომ მიმართოთ კონსულტაციისთვის სამედიცინო დაწესებულებას" - წერს რესტორანი.

რაც შეეხება ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებს, საქართველოში ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსი 33 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან ერთი, პირველი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

კომენტარები