მარნეულის კლინიკის თანამშრომელს სიცხე ჰქონდა, გადაყვანილია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში

მარნეული FM

ჯეო ჰოსპიტალსის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, ნინო კობახიძის თქმით, მარნეულის კლინიკის ერთ-ერთ თანამშრომელს სიცხე ჰქონდა, რის გამოც ის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა.

"მარნეულის კლინიკა ჯეო ჰოსპიტალი გადავიდა კარანტინის რეჟიმში. მოვახდინეთ ყველა იმ ექიმის და ექთნის იდენტიფიცირება, რომლებიც შემხებლობაში იყვნენ პაციენტთან, მათი ნორმალური აღჭურვილობის მიუხედავად. ზოგი განვათავსეთ თვითიზოლაციაში თავის ოჯახთან ერთად. 14 ექიმი კლინიკაში კარანტინის რეჟიმში დარჩება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ეტაპზე ვინც არის განთავსებული, მათგან არავის აღენიშნება საგანგაშო სიმპტომები.

ერთ-ერთი ასისტენტის სიმპტომი არ მოგვეწონა, ჰქონდა ცხელება და გადმოვიყვანეთ თბილისში ინფექციურ საავადმყოფოში. ამ ეტაპზე სიცხე არ აქვს, თუმცა, იმყოფება დაკვირვების ქვეშ', - თქვა კობახიძემ ტვ პირველის ეთერში.

მარნეული და ბოლნისი 23 მარტის 01:00 საათიდან კარანტინშია. კარანტინი შემდეგ გამოცხადდა, რაც გაირკვა, რომ 60 წელს გადაცილებული ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სარიტუალო ღონისძიებაში მონაწილეობდა და მას, სულ მცირე, 86 კონტაქტი ჰყავს. კარანტინის აღსრულებას შსს-ის და თავდაცვის ძალები უზრუნველყოფენ. თავად ინფიცირებული ქალის მდგომარეობა მძიმეა, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

ასევე, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს 80 წელს გადაცილებული კაცი, რომელსაც ახალი კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდა, A და B ტიპის გრიპი კი არ დაუდასტურდა. ის ახლა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. საავადმყოფოს დირექტორის თქმით, კაცი ინფიცირებული ქალის კონტაქტი არ ყოფილა.

23 მარტის მდგომარეობით, საქართველში კორონავირუსის დადასტურებული 54 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 3 - გამოჯანმრთელდა. კიდევ 5 ადამიანს საავადმყოფოებიდან რამდენიმე დღეში გაწერენ. კარანტინის რეჟიმშია - 3254 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 233.

კომენტარები