კორონავირუსი და ეკონომიკა

m²-ის დირექტორი: მშენებლობებს არ ვაჩერებთ, მიდის ახალი წესებით

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრსა და მსხივლი ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ კომპანია m²-ის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბურდილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შეხვედრაზე მთავარი აქცენტი დასაქმებულების უსაფრთხოებაზე გაკეთდა.

"თითოეულმა კომპანიამ წარმოადგინა თავისი ხედვა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მთავარი აქცენტი რაზეც გაკეთდა ის არის, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებაზე, მათ ჯანმრთელობაზე."

ბურდილაძე ამბობს, რომ მთავრობა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს ესაუბრა საფინანსო ინსტიტუტებისგან მსხვილი პაკეტების მოზიდვასა და ინფრასტრუქრულ პროექტებზე ეკონომიკის სტიმულირებისათვის.

"მთავრობა მუშაობს დონორ ორგანიზაციებთან, საფინანსო ორგანიზაციებთან, რომ მოიზიდოს საკმაოდ მსხვილი პაკეტი დაფინანსების და საკმაოდ მალე.

ამის გარდა, აქცენტები გაკეთდება, როგორც პრემიერისგან მივიღეთ ინფორმაცია, ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელებაზე, რადგანაც ინფრასტრუქტურული პროექტები არის შიდა მოთხოვნის წარმოშობის წყარო."

m²-ის დირექტორის თქმით, კომპანია მშენებლობებს რეკომენდირებული ზომების მიხედვით აგრძელებს:

"მშენებლობებს არ ვაჩერებთ, მიმდინარეობს სამშენებლო პროცესი ყველა ჩვენს ობიექტზე, ოღონდ მიდის ახალი წესებით. ხდება თანამშრომლების შემოწმება დისტანციური თერმომეტრებით, პირბადეების დარიგება და ვიცავთ იმ ზომებს, რომლებიც რეკომენდირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ."

მთავრობისა და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 23 მარტს გაიმართა მთავრობის კანცელარიაში.

 

კომენტარები