კორონავირუსი საქართველოში

შს მინისტრის მოადგილე: საჭიროების გარეშე, კომენდატის საათის დროს აფთიაქში გასვლაც იზღუდება

reginfo

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმით, მოქალაქეები საგანგებო რეჟიმის დარღვევის პირველივე ფაქტზე დაჯარიმდებიან. 

მისი თქმით, რეგულაციები საკმაოდ მკაცრია და საგანგებო რეჟიმის განმეორებით დარღვევა 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"თუ მოქალაქეები საგანგებო რეჟიმის პირობებს დაარღვევენ პირველივე ჯერზე იმოქმედებს ჯარიმა. კანონმდებლობა საკმაოდ მკაცრ რეგულაციებს გვიწესებს, რომლის თანახმადაც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა პირველ ჯერზე იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, კერძოდ, მოქალაქეები 3000 ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო იმავე ქმედების განმეორების შემთხვევაში, უკვე გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ეს ქმედება არის დანაშაული და გათვალისწინებულია სასჯელის სახის 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა," - თქვა ცაციაშვილმა.

რაც შეეხება აფთიაქებს, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მოქალაქეები ე.წ. კომენდანტის საათის დროსაც ვერ შეძლებენ აფთიაქში გასვლას, თუ ამის კრიტიკული საჭიროება არ არსებობს.

"გამონაკლისი გათვალისწინებული იქნება კონკრეტული პირებისათვის და იმ სუბიექტებისთვის, რომელთა მუშაობაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საგანგებო მდგომარეობის დროს. ჩვენ იგივე რეგულაციები გვაქვს, როდესაც ვსაუბრობთ 70 წელს გადაცილებულ პირებთა დაკავშირებით, რომელთაც ქუჩაში გასვლა აეკრძალათ, გარდა იმ შემთხვევისა თუ სურთ მაღაზიაში წამლის ან სურსათის შეძენა, ან ისეთი სამედიცინო მომსახურების მიღება, რომელიც ადგილზე შეუძლებელია. ეს არის საერთო რეგულაციები და ნებისმიერი აკრძალვა დაშვებულია.

ანუ ე.წ. კომენდანტის საათის დროსაც ვერ შეძლებენ მოქალაქეები აფთიაქში გასვლას, თუ ეს კრიტიკული მნიშვნელობის არ არის," - აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ.  

დღეიდან, 31 მარტიდან -21 აპრილამდე ცხადდება ე.წ კომენდატის საათი, 21:00-დან დილის 06:00-მდე იკრძალება  ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება. ამ პერიოდში მოძრაობა მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შეეძლებათ, რომლებსაც შესაბამისი საშვი ექნებათ, მაგალითად ბიზნესის, მედიის წარმომადგენლებს და იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ პერიოდში მუშაობენ 

კომენდატის საათის დროს იმუშავებს მხოლოდ აფთიაქები.

კომენტარები