SONY $100 მილიონით ექიმებს, COVID-19-ით დაზარალებულ ბავშვებს და არტისტებს დააფინანსებს

SONY

Sony ახალ კორონავირუსთან ბრძოლისთვის 100 მილიონი დოლარის ღირებულების ფონდს აფუძნებს - ამის შესახებ კომპანიამ განცხადება გამოაქვეყნა.

100 მილიონი დოლარი სამ ნაწილად გაიყოფა: დაფინანსდებიან ექიმები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები პანდემიასთან ბრძოლაში. გაკეთდება შემეცნებითი პროგრამები ბავშვებისთვის, რომლებიც სკოლებში ვეღარ დადიან და ასევე, კომპანია დაეხმარება გასართობ ინდუსტრიაში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებსაც Covid-19-ის ვირუსით ეკონომიკური ზარალი მიადგათ.

"Sony განაგრძობს მხარდაჭერის გზების ძიებას არტისტებისა და გასართობ ინდუსტრიაში დასაქმებული ხალხისთვის, რომლებსაც გაუუქმდათ და გადაედოთ კონცერტები და ღონისძიებები, ან შეუწყდათ ფილმები და სატელევიზიო პროდუქტები", - წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, იაპონური კონგლომერატის ინფორმაციით, ისინი თავიანთ პარტნიორებთან ერთად განაგრძობენ შემოწირულობების მოზიდვას.

კომენტარები