კორონავირუსი საქართველოში

მოწერელია: COVID 19-ზე გამოსაკვლევად გაგზავნილი შვიდი მოქალაქის ანალიზის პასუხი უარყოფითია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას თქმით, რეგიონიდან კორონავირუსზე გამოსაკვლევად გაგზავნილი შვიდივე მოქალაქის ანალიზის პასუხი უარყოფითია.

მოწერელიას თქმით, საუბარია ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 2 მცირეწლოვან ბავშვსა და შუახნის მამაკაცზე, ასევე ფოთის საავადმყოფოში მყოფ 4 მოქალაქეზე, რომელთაც კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

"სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიოინში თვითიზოლაციაში არის 178 პირი, იზოლაცია მოეხსნა 546 მოქალაქეს. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 75 ადამიანი. აქედან აფხაზეთიდან გადმოსულია 13 ჩვენი თანამოქალაქე, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კი კორონავიროსზე მკურნალობას გადის 2 პაციენტი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია" - თქვა მოწერელიამ და აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის, რეგიონის მასშტაბით 42 პირი დააჯარიმეს. 

მისივე თქმით, სამეგრელოს სოფლებში და საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. 

"დავასრულეთ ზედაეწერში თერმოსკრინინგი, ეს არის სოფელი, სადაც ცხოვრობს ჩვენი პირველი პაციენტი, 67 წლის მამაკაცი, სწორედ ამიტომ გადავწყვითეთ ამ სოფლიდან დაგვეწყო მასიური სკრინინგი, სოფელში შემოწმებულია 1037 მოქალაქე, არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა. სკრინინგი მიმდინარეობს სხვა სოფელშიც, გარდა ამისა თქვენ იცით რომ სკრინინგი ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე" - ამბობს მოწერელია. 

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების 130 შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში იმყოფება- აკრძალულია სამ პირზე მეტის თავშეყრა, შეჩერებულია ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მოქალაქეებს გადაადგილება მხოლოდ ტაქსით და პირადი მანქანით შეუძლიათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში სამ ადამიანზე მეტი არ ზის. მუშაობას აგრძელებენ მხოლოდ აფთიაქები, სასურსათო მაღაზიები, ბანკები, ფოსტა და სამშენებლო კომპანიები. 21:00-დან 06:00-მდე გამოცხადებულია კომენდანტის საათი. 

კომენტარები