კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, აქვს მულტიორგანული უკმარისობა

ფორმულა

თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 57 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ამბობს, რომ მათგან 8 რეანიმაციაში მკურნალობს. 

რატიანის თქმით, 3 ადამიანი ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება და მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო დანარჩენ 2 პაციენტთან "მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია ვიტალური პარამეტრები". 

"რაც შეეხება კრიტიკულ პაციენტს, სახეზეა მწვავე ფილტვის დაზიანების სინდრომი, მწვავე გულის დაზიანების სინდრომი, მწვავე ღვიძლის დაზიანების სინდრომი, რაც მიუთითებს, რომ არის მულტიორგანული უკმარისობა, ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები და ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ,"- თქვა ლევან რატიანმა. 

კლინიკის დირექტორის განმარტებით, პაციენტი 81 წლისაა. 

საქართველოში ამ დროის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის 233 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 54 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სამი კი - გარდაიცვალა. მათ გარდა, არის კიდევ 3 ინფიცირებული პაციენტი, რომელიც უცხოეთში (2 - სომხეთში, 1 - თურქეთში) დაინფიცირდა და უკვე დადასტურებული კორონავირუსით შემოიყვანეს საქართველოში სამკურნალოდ. 

ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და ფაქტობრივი საყოველთაო კარანტინი. დაწესებულია ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავს. აკრძალულია ასევე 3 ადამიანზე მეტის შეკრება. 

ინფექციონისტები ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პიკს აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ელიან. 

კომენტარები