კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: დღეს 5 ადამიანის გამოჯანმრთელებას ველოდებით, მათგან ერთი ორსულია

რადიო თავისუფლება

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ამბობს, რომ დღეს, 11 აპრილს, ისინი ახალი კორონავირუსისგან დამატებით 5 ადამიანის გამოჯანმრთელებას ელოდებიან, მათ შორის ერთი ორსულის. 

როგორც რატიანი მედიასთან საუბრისას განმარტავს, გუშინ ჩატარებული დიაგნოსტირების მიხედვით, 5 ადამიანის ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, დღეს კი ლუგარის ლაბორატორიისგან განმეორებითი ტესტის პასუხებს ელოდებიან. 

"ჩვენს კლინიკაში ორი ორსულია. მათი ზოგადი მდგომარეობა, ისევე, როგორც მათი ნაყოფების, ამ ეტაპზე სტაბილურია. ერთ ქალბატონთან გუშინ გავიდა 14 დღე და მოვიდა უარყოფითი პასუხი. დღეს განმეორებით გაიგზავნება და თუ დღის ბოლომდე მოვა უარყოფითი პასუხი, ქალბატონი გაეწერება ბინაზე. ის 24-ე კვირაშია,"- ამბობს ლევან რატიანი. 

თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ ეტაპზე ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 57 პაციენტი მკურნალობს. რატიანის თქმით, მათგან 8 რეანიმაციაშია გადაყვანილი, საიდანაც ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. საუბარია 81 წლის ქალზე. 

საქართველოში ამ დროის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის 233 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 54 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სამი კი - გარდაიცვალა. მათ გარდა, არის კიდევ 3 ინფიცირებული პაციენტი, რომელიც უცხოეთში (2 - სომხეთში, 1 - თურქეთში) დაინფიცირდა და უკვე დადასტურებული კორონავირუსით შემოიყვანეს საქართველოში სამკურნალოდ. 

ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და ფაქტობრივი საყოველთაო კარანტინი. დაწესებულია ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავს. აკრძალულია ასევე 3 ადამიანზე მეტის შეკრება. 

ინფექციონისტები ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პიკს აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ელიან. 

კომენტარები