შსს: ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის 178 დარღვევა გამოვავლინეთ

რადიო თავისუფლება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 178 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მათივე ცნობით, პოლიციამ, 11 აპრილის 21 საათიდან 12 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 94 მოქალაქე დააჯარიმა.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 60 მოქალაქე დააჯარიმეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 15 000 ლარით. 

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, საგანგებო მდგომარეობისა და საკარანტინო წესების დარღვევის გამო გამოწერილმა ჯარიმებმა 21 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით 8,665,000 ლარი შეადგინა.

კომენტარები