სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

Getty Images

სამხრეთ კორეაში საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მუნ ჯე ინის მმართველმა დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. არჩევნები, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, 15 აპრილს ჩატარდა.

პარტიამ 300 ადგილიან ეროვნულ ასამბლეაში 163 ადგილი მოიპოვა, მათმა მოკავშირე პლატფორმამ კი 17 ადგილი.

მთავარმა ოპოზიციურმა კონსერვატიულმა პარტიამ ერთიანი მომავლისათვის 92 ადგილი მოიპოვა. პარლამენტში მათ წარმომადგენლებს შორის იქნება 2016 წელს ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეული ტაი იონ-ჰო, რომელიც მანამდე ლონდონში ჩრდილოეთ კორეის საელჩოში დიპლომატი იყო. მან სეულის განგნამის ოლქში გაიმარჯვა.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში მმართველ პარტიას ბევრი პრობლემა შეექმნა, მათ შორის პოლიტიკური სკანდალები, ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებების გაყინვა და ეკონომიკის შენელება, კორონავირუსის კრიზისთან გამკლავებამ მათ მოსახლეობის მხარდაჭერა მოუტანა და 1987 წლის პირველი დემოკრატიული არჩევნების შემდეგ პარლამენტში ყველაზე დიდი უმრავლესობის მოპოვება შეძლეს.

არჩევნებზე დაცული იყო უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები. საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლები პირბადით უნდა მისულიყვნენ და ერთმეტრიანი დისტანცია დაეცვათ. მათ ტემპერატურას უზომავდნენ, ხელების დეზინფექციას უტარებდნენ, რეზინის ხელთათმანებს გადასცემდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ აძლევდნენ საარჩევნო ბიულეტენს. იმ შემთხვევაში, თუ უბანზე მისულ ამომრჩეველს ტემპერატურა 37.5 გრადუსზე მაღალი ჰქონდა, ის ხმის მისაცემად ცალკე, სხვა ადამიანებისაგან მოშორებით გაჰყავდათ.

კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ხმის მიცემა ფოსტით შეეძლოთ. იმ ცენტრებთან კი, სადაც ასობით სუსტი სიმპტომების მქონე ადამიანს მკურნალობენ, ღია ცის ქვეშ სპეციალური ხმის მისაცემი უბნები გაიხსნა, სადაც უსაფრთხოების კიდევ უფრო მკაცრ ზომებს იცავდნენ. კარანტინში მყოფ პირებს ხმის მისაცემად სპეციალური დრო გამოუყვეს, რათა კონკრეტულ უბნებზე მისულიყვნენ.

საარჩევნო უბნების მომზადებაში ჩართული იყო ქვეყნის არმიაც. მათ 14,000-მდე უბნის დეზინფექცია ჩაატარეს და რიგები დახაზეს, რათა ამომრჩევლებს დისტანცია დაეცვათ.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეაში არჩევნები არასდროს გადადებულა. კორეის ომის დროს, 1952 წელს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.

სამხრეთ კორეა ჩინეთის შემდეგ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ახალი კორონავირუსი გამოვლინდა, თუმცა, დროული ზომების მიღების, მასობრივი ტესტირებისა და მკაცრი იზოლაციის დაცვით მათ ვირუსის გავრცელების შეფერხება შეძლეს. სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 10,591 შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 225 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 7,616.

კომენტარები