საგანგებო მდგომარეობა

ბოკერია: არსებული ფორმით საგანგებოს გაგრძელება ქვეყნისთვის საზიანოა, მხარს ვერ დავუჭერთ

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას, თქმით, პარტია მხარს დაუჭერს ყველა გონივრულ შეზღუდვას, რაც სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად არის საჭირო, მაგრამ არსებული ფორმით და აბსურდული შეზღუდვებით საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერენ.

"აბსურდულია მაგალითად, ცოლ-ქმრის დაჯარიმება ერთმანეთის გვერდით ჯდომისთვის, მანქანით  გადაადგილების შეზღუდვა და კიდევ ბევრი სხვა რამე. უნდა იყოს მკაფიო კრიტერიუმები, სადაც შეუძლებელი იქნება, რომ ერთ სფეროში ერთი სუბიექტი დახურონ, სხვებმა კი, რატომღაც იმუშაონ", - ამბობს ბოკერია.

მისივე თქმით, აუცილებელია კონკრეტული ეკონომიკური გეგმა, რაც გულისხმობს გადასახადების არსებით დაწევას, საპენსიო გადასახადის შეჩერებას და ამ ფულის ადამიანებისთვის დაბრუნებას.

"კონკრეტულად გაწერილი ნაბიჯების გარეშე, რომელიც გამოიყვანს ქვეყანას ამ უმძიმესი მდგომარეობიდან ნელნელა, რაც გულისხმობს პირდაპირ დახმარებას იმ ადამიანებისათვის, ვინც სამსახური დაკარგა, ვერ დავუჭერთ ასეთ რეჟიმს მხარს, რადგან ეს არის საზიანო ქვეყნისთვის", - ამბობს ბოკერია.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის ჩათვლით იყო გამოცხადებული. ვადა დღეს იწურება.

მთავრობამ საგანგებოს 10 მაისამდე გახანგრძლივების მოთხოვნით პრეზიდენტს უკვე მიმართა. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია რა პირობებით გაგძელდება საგანგებო მდგომარეობა, მოიხსნება თუ არა მანქანების გადაადგილების შეზღუდვა და შეიცვლება, თუ არა ის შეზღუდვები, რაც უკვე ერთი თვეა ქვეყანაში მოქმედებს.

 

კომენტარები