კორონავირუსი საქართველოში

სამედიცინო პერსონალს, რომელიც რისკის ზონებში მუშაობს, Covid 19-ზე 2 კვირაში ერთხელ დატესტავენ

ხათუნა ზახაშვილის თქმით, სამედიცინო პერსონალს, რომელიც მაღალი რისკის ზონებში მუშაობს, კორონავირუსზე ტესტი ორ კვირაში ერთხელ ჩაუტარდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა FB LIVE-ში ისაუბრეს.

"პირველ რიგში, ცხელების კლინიკების და კოვიდ კლინიკების პერსონალი, ასევე სასწრაფო დახმარების ბიგადების სრული შემადგენლობა ექვემდებარება ოქროს სტანდარტით ტესტირებას. ყველა სხვა სამედიცინო პერსონალს, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს რისკის კატეგორიას, ჩაუტარდება პირველადი ტესტირება ანტისხეულებზე, უმეტესად, სწრაფი ტესტებით. თუ გამოვლინდა დადებითი მაჩვენებლები, რა თქმა უნდა, ჩაუტარდებათ გამოკვლევა PCR ტექნოლოგიითაც, რათა გამოირიცხოს მათში ინფექციის არსებობა" - თქვა ხათუნა ზახაშვილმა.

ეპიდსიტუაციის შესაბამისად, შესაძლოა, მომავალში ტესტები აფთიაქის პერსონალსაც ჩაუტარდეს.

"აფთიაქებს საკმაოდ კარგი მზადყოფნა აქვთ, მათი უმრავლესობა შეიარაღებულია დაცვის საშუალებებით, მათთში ინფექციის გავრცელება ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა, მომავალში გათვლილია, რომ შესაძლოა, მათი ტესტირებაც მოხდეს" - აღნიშნა ზახაშვილმა.

NCDC-ის წარმომადგენლების განმარტებით, კორონავირუსზე ტესტირებას ექვემდებარება ყველა ადამიანი, რომელიც შეესაბამება შემთხვევის სტანდარტულ განსაზღვრებას.

"ვინც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხვდება ცხელების კლინიკებში და საჭიროებს სამედიცინო მომსახურებას. ასევე განსკაუთრებული ყურადღების ქვეშ გვყავს ყველა პნევმონიით ავადმყოფი. ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ კლინიკაში, თუ არის ადამიანი პნევმონიით, ის აუცილებლად გაიტესტება კოვიდზე" - თქვა ხათუნა ზახაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 416 შემთხვევაა დადასტურებული. 21 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში PCR ტექნოლოგიით 8 375 ადამიანი გამოიკვლიეს. ამის გარდა, ამირან გამყრელიძის თქმით, ე.წ სწრაფი ტესტებით "2-3-4 000" ადამიანი შეამოწმეს.

კომენტარები