საგანგებო მდგომარეობა

ზედელაშვილი: ავტორიტარული სისტემები უხარისხო კანონის არაეფექტურობას დაშინებით ებრძვიან

ავტორიტარული სამართლის სისტემების თვისებაა, თავისივე კანონების უხარისხობით გამოწვეულ არაეფექტურობას დრაკონული სასჯელების შიშით ებრძოლონ.

ცხადია, მათ აზრად არ მოსდით საკუთარ თავს ჰკითხონ, თუ ასეთი გონივრული, ნათელი, თანმიმდევრული და საჯარო სიკეთის მისაღწევად აუცილებელი წესები აქვთ, სამართლებრივი სახელმწიფოს ყველა ხარისხობრივ მოთხოვნას აკმაყოფილებენ, რატომ ვერ იმსახურებენ ეს წესები ადამიანების მხრიდან პატივისცემას და იწვევენ მასობრივ დაუმორჩილებლობას?

ავტორიტარული რეჟიმის პასუხი ამ კითხვაზე ყოველთვის ადამიანებს და მათ უმეცრებას წარმოგვიდგენს მიზეზად, რომელსაც მხოლოდ დრაკონული სასჯელის შიშით შეიძლება დაუპირისპირდე. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები მათ უფრო დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს, რომლის შესრულებაც ნათელია, რომ მათ არ შეუძლიათ.

ცხადია, ისინი ვერასდროს ვერ დაინახავენ, თუ რატომ არ სცემენ ადამიანები პატივს მათ მიერ დადგენილ ისეთ წესებს, რომელიც არათუ რაიმე ცოდნას არ ეფუძნება, არამედ ადამიანის ბუნებრივი გონიერების გადმოსახედიდან იმთავითვე აბსურდულია (ცოლ-ქმრის ავტომანაქანაში გვერდით სხდომის აკრძალვა ამის ყველაზე ნათელი მაგალითია); ან წესებს, რომლებიც პრივილეგირებული გამონაკლისების უსასრულო დაშვებით, მხოლოდ ყველაზე უფლებააყრილი ადამიანების კიდევ უფრო უუფლებოდ გადაქცევის იარაღად გამოიყენება.

სამართლებრივი სახელმწიფოს ყველა ღირებულების გათელვის ამ კასკადში, ცხადია, არ არის გასაკვირი, რომ შემოღებული სასჯელი საგანგებო მდგომარეობის წესების განმეორებით დარღვევაზე იმდენად არათანაზომიერია, რომ თანაზომიერების მკაცრ კონსტიტუციურ სტანდარტს კი არა, გონივრულობის ელემენტარულ მოთხოვნებს ძნელად თუ დააკმაყოფილებს

კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი ტაბულასთან საუბარში ეხმაურება საქართველოს პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, პირს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები