საქართველოში კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების 18 თანამშრომელს აქვს დადასტურებული. მათგან 16 ე.წ. ბოლნისის კლასტერიდანაა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ ჩატარებული ტესტირებით კორონავირუსი 7 მედიკოსს არ დაუდასტურდა. მათივე ცნობით, COVID-19-ზე ტესტი ჯამში სასწრაფო დახმარების 1 000-მდე თანამშრომელს აქვს ჩატარებული.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსები, როგორც მაღალი რისკის ზონებში მომუშავე პირები, COVID-19-ზე პერიოდულად მოწმდებიან.
გუშინ, 23 აპრილს, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით 20-მდე ექიმია ინფიცირებული.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 431 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 114 ადამიანი გამოჯანმრთელდა. COVID-19-ით ქვეყანაში 5 პაციენტი გარდაიცვალა.
კორონავირუსის გამო, საქართველოში 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 27 აპრილამდე აკრძალულია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება. ასევე, ქვეყანაში მოქმედებს ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავს. დაკეტილია ყველა მაღაზია, გარდა სურსათისა და სააფთიაქო ქსელებისა. ონლაინვაჭრობა შეზღუდულად მიმდინარეობს.