ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის, ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი 49 კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტიდან 11-ის მდგომარეობა საყურადღებოა.
მისივე თქმით, 10 პაციენტი 18 წლამდე ასაკისაა, 3 კი მაღალ ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება.
"ერთი პაციენტი მძიმეა და მკურნალობს რეანიმაციაში. 11 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. დანარჩენი პაციენტები განაგრძობენ მკურნალობას. ამასთან, გუშინ დაგვემატა 15 პაციენტი. 12 თეთრიწყაროდან და 3 ბოლნისიდან. მათი ძირითადი სიმპტომი არის ცხელება და მათი მდგომარეობა არის საყურადღებო"- ამბობს სოლოღაშვილი.
27 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, დადასტურებულია ინფიცირების 496 შემთხვევა.
აქედან 149 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 - გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 4 833 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571.