კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: კარანტინში მყოფებს მე-13 და მე-14 დღეს, გამოსვლის წინა დღეებში, ტესტს ჩავუტარებთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულ ადამიანებს გამოსვლის წინა დღეებში კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდებათ.

გამყრელიძის თქმით, გაფართოებული ტესტირება რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი. პირველ ეტაპზე იტესტებიან ადამიანები, რომლებიც ცხელების ცენტრებში არიან მოთავსებული და ისინი, ვისაც უდასტურდებათ პნევმონია. ასევე, ყოველ 14 დღეში ტესტირება უტარდება კოვიდცენტრებისა და ცხელების ცენტრების მედპერსონალსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ყველა თანამშრომელს - ექიმებს, ექთნებს, მძღოლებსა და ა.შ. კორონავირუსზე იტესტებიან ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის მუშაკები, რომლებიც სინჯებს იღებენ.

"ამის შემდეგ ტესტირებას ჩავუტარებთ კარანტინში მყოფ ადამიანებს მათი იქ ყოფნის მე-13 და მე-14 დღეს, ანუ კარანტინიდან გამოსვლის წინა დღეებში, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათ არ აქვთ ინფექცია. თუ სიმპტომები აქვთ, ისინი მაშინვე იტესტებიან და გადადიან კლინიკაში", - თქვა გამყრელიძემ.

გამყრელიძის ინფორმაციით, იგეგმება იმ ტრაილერების მძღოლების ტესტირებაც, რომელთაც საქართველოში ტვირთი შემოაქვთ.

რაც შეეხება ჟურნალისტებს, როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ისინი არ წარმოადგენენ ძალიან მაღალ რისკ ჯგუფს, შესაბამისად, მათი ტესტირება მომდევნო ეტაპებზეა დაგეგმილი. 

ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს, 30 აპრილს, საქართველოში კორონავირუსზე ყველაზე მეტი - 1 096 ტესტი ჩატარდა. მისივე თქმით, 15 მაისამდე დღიურად, დაახლოებით, 1 500-დან 1 700-მდე კვლევის ჩატარება იგეგმება, მეორე ეტაპზე კი 2 000-დან 2 500-მდე.  

საქართველოშ კორონავირუსით ინფიცირების 539 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 178 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები