კორონავირუსი საქართველოში

რატიანი მეცხრე გარდაცვლილზე: დაახლოებით 60 წლის ქალია, კრიტიკულ მდგომარეობაში იყო

იმედი

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილი მეცხრე პაციენტი "დაახლოებით, 60 წლის" ქალი იყო. მან მთავარ არხთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ პაციენტი კლინიკაში სამ კვირაზე მეტ ხანს მკურნალობდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად ფასდებოდა.

ლევან რატიანის თქმით, ქალს ჰქონდა "ფილტვის ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა მძიმე მიმდინარეობით", კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ, განვითარდა "მწვავე რესპირატორიული დისტრესი, მწვავე სეფსისი, გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა".

"ჩატარებული ღონისძიებები აღმოჩნდა უშედეგო და რამდენიმე წუთის წინ, ქალი გარდაიცვალა" - ამბობს რატიანი.

3 მაისის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 589 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 215 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები