კორონავირუსი საქართველოში

N5 პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი ერთ-ერთ პირველს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, N5 პაციენტი, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი ერთ-ერთ პირველს დაუდასტურდა, COVID-19-ისგან გამოჯანმრთელდა. 

"ჩვენთან დღევანდელი დღის ჩათვლით 130-მა პაციენტმა იმკურნალა. აქედან 72 გვყავს გამოჯანმრთელებული. შემიძლია გითხრათ, რომ N5 პაციენტიც გამოჯანმრთელდა", - თქვა ეზუგბაიამ.  

საქართველოში კორონავირუსის პირველი ოთხი შემთხვევა 26 თებერვალი-3 მარტის პერიოდში დადასტურდა, ხოლო შემდგომი ხუთი - 4 მარტს. შესაბამისად, გამოდის, რომ პაციენტი ინფექციის მატარებელი 61 დღის განმავლობაში იყო.

N5 პაციენტზე 22 აპრილს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემაც ისაუბრა. მისი თქმით, პაციენტი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა, იმნაძის თქმით, მას ვირუსის მძიმე ფორმა არ ჰქონია, თუმცა COVID-19 მაინც უდასტურდებოდა. 

"ჩვენ გვყავს ერთი პაციენტი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, პირველ ხუთეულში შედიოდა პაციენტების და დღემდე ის არის დადებითი. იყო რაღაც პერიოდი, როცა თითქმის გაუქრა ვირუსი და გაწერაზეც იყო საქმე", - ამბობდა იმნაძე N5 პაციენტზე.

ქვეყანაში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 604 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 240 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები