კორონავირუსი საქართველოში

ბოჭორიშვილის კლინიკას დღეს 18 წლამდე მოზარდი და 88 წლის ქალი დატოვებენ

რადიო თავისუფლება

ბოჭორიშვილის კლინიკის სამელთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკის ბოქსირებულ სექტორში, ამ დროისთვის, 80 პაციენტი მკურნალობს. მათგან 66-ს კორონავირუსი აქვს დადასტურებული. ორი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. 

სოლოღაშვილის თქმით, გამოჯანმრთელებულები 18 წლამდე მოზარდი და 88 წლის ქალი არიან. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, მათი მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა, საყურადღებოა ათი მათგანის მდგომარეობა. 

მისივე ცნობით, ამ დროისთვის, კლინიკაში მკურნალობას 13 არასრულწლოვანი განაგრძობს.

კლინიკაში ბოქსირებულ სექტორში იზოლირებულია ერთი მედიკოსიც. მისი ტესტის განმეორებით პასუხს ელიან: 

"გამოცხადებულ დადასტურებულ 66 პაციენტში ეს მედიკოსი ამჯერად არ მოიაზრება. დღეს გადამოწმდება ოქროს სტანდარტით, პსრ კვლევით. ამის შემდეგ გავაკეთებთ დასკვნას, ვადასტურებთ თუ არა ამ დიაგნოზს. ყოველ შემთხვევაში, კონტაქტები შესწავლილია, დადასტურების შემთხვევაში დრო რომ არ დაიკარგოს", - თქვა სოლოღაშვილმა. 

მისი თქმით, ბოჭორიშვილის კლინიკაში, გუშინ, 7 მაისს, ტესტირება 23 მედიკოსს ჩაუტარდა და ყველას პასუხი უარყოფითია. 3 მედპერსონალი კი კარანტინშია გადაყვანილი. მათ კონტაქტი ჰქონდათ ექიმთან, რომლის პასუხსაც განმეორებით ელიან. 

"კლინიკაში არის სპეციფიურად განსაზღვრული სქემები. მედიკოსების ჯგუფებს არ აქვთ ერთმანეთთან შემხებლობა, კონტაქტების რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. რა თქმა უნდა, ჰქონდა ამ მედიკოსს შეხება, მაგრამ ეს არის რამდენიმე ერთეული ადამიანი, რომლებიც კარანტინში არიან", - თქვა სოლოღაშვილმა. 

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 623 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 288 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში COVID-19-ით 9 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები