არჩევნები 2020

ბაქრაძე: ვიზიარებთ ნათელაშვილის ინიციატივას მაჟორიტარებზე ოპოზიციის შეთანხმების თაობაზე

დავით ბაქრაძე
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, ბრიფინგი გამართა და ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის, ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც ოპოზიციური პარტიების მხრიდან საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმებას გულისხმობს. 

ბაქრაძის თქმით, ევროპული საქართველოს პოზიცია ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია და პარტიას მიაჩნია, რომ საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება ოლქების დიდ ნაწილში და, უპირველეს ყოვლისა, თბილისში ოპოზიციის გამარჯვებისთვის საკვანძო ელემენტია.

"მთლიანად ვუჭერთ მხარს და მზად ვართ კონსულტაციებისთვის. მზად ვართ, შევიკრიბოთ და კონკრეტულად შევთანხმდეთ იმაზე, ვინ იქნებიან ოპოზიციის კანდიდატები. პირველ ეტაპზე თბილისში და შემდეგ უკვე გაგრძელდეს საუბარი თბილისს გარეთაც", - ამბობს ბაქრაძე. 

დეპუტატის თქმით, საზოგადოებამ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისგან განსხვავებული პოზიციები მოისმინა, მათ შორის, საუბარი იმაზეც, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ამ ეტაპზე არ აპირებს მონაწილეობას, ან მეორე ტურში თანამშრომლობაა საკმარისი. 

"მიგვაჩნია, რომ ოპოზიცია უნდა იყოს ძალიან მკაფიო ამ საკითხში და ნებისმიერი განსხვავებულობა ზრდის ხელისუფლების შანსებს. ამიტომ ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო, აუცილებელია შეთანხმება საერთო კანდიდატებზე. ჩვენ მზად ავართ ასეთი შეთანხმებისთვის", - თქვა ბაქრაძემ. 

4 ივნისს შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 30 მაჟორიტარული ოლქი ოპოზიციური პარტიების განსაკუთრებულ ერთიანობას მოითხოვს. 

ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა ახალი საქართველოს ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც, და ოპოზიციის წარმომადგენლებს მაჟორიტარების გადანაწილებასთან დაკავშირებით თანამშრომლობისკენ მოუწოდა. 

პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, კი Facebook-ზე დაწერა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარებზე შეთანხმება მნიშვნელოვანია. 

კომენტარები