რეკლამა

® აფბა კომუნიკაციების კომისიას მოუწოდებს, არ დატოვოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უინტერნეტოდ

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია აფბა" მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას, შეცვალოს დაგეგმილი სანქციის ფორმა და არ შეუჩეროს ავტორიზაცია "კავკასუს ონლაინს”. თუ კომისია ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, არსებობს რეალური საფრთხე, რომ საქართველოს მოქალაქეებისა და ქვეყანაში მოქმედი ბიზნესსუბიექტების დიდი ნაწილი ხარისხიანი ინტერნეტის გარეშე დარჩეს.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კომისიამ სამართალდარღვევად მიიჩნია „კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ კუთვნილი 49% წილის გასხვისება კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე. მან პირველ ეტაპზე მიიღო გადაწყვეტილება „კავკასუს ონლაინისა” და მისი შვილობილი კომპანიის – „რკინიგზის ტელეკომისთვის” სანქციების დაწესების თაობაზე.

დაწესებული ფულადი სანქციები განისაზღვრა 30 000, 90 000, 270 000 ლარით – „კავკასუს ონლაინისთვის”, ხოლო „რკინიგზის ტელეკომის” შემთხვევაში, 30 000 და 63 930.93 ლარით. ამის შემდგომ,  28 მაისს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაიწყო ახალი ადმინისტრაციული წარმოება კომპანიისათვის სანქციების დასაწესებლად, გარიგების გაუქმებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. შედეგად, ზეპირი მოსმენა უნდა ჩატარდეს 25 ივნისს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია კომპანიების წინააღმდეგ სანქციის ფორმად განიხილავს ავტორიზაციის უფლების შეჩერებას.

ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ კომპანიისთვის ავტორიზაციის უფლების შეჩერებით ის ავტომატურად შეაჩერებს კომპანიის  ბიზნესსაქმიანობას საქართველოში. ამგვარად, კომპანია ვეღარ შეძლებს კლიენტებისათვის საბითუმო და საცალო სატელეკომუნიკაციო მომსახურების მოწოდებას, რაც მეტად რთულ ვითარებაში ჩააყენებს  ხარისხიანი ინტერნეტის გარეშე დარჩენილ ქვეყანას და მის მოსახლეობას.

აფბას განცხადებით, ავტორიზაციის შეჩერებით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგები უარყოფითად აისახება საქართველოს ტელეკომუნიკაციების მთლიან ბაზარზე, რაც, თავის მხრივ, შეუქცევადად დააზარალებს საბითუმო და საცალო ინტერნეტმომსახურების მომხმარებლებს ხარისხის ვარდნის გამო და, ასევე, რთულ ვითარებაში ჩააყენებს ინტერნეტმომსახურების მომწოდებლებს.

აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც „კავკასუს ონლაინისა” და „რკინიგზის ტელეკომისათვის” ავტორიზაციის უფლების შეჩერების შემთხვევაში დააზღვევს მათ კლიენტებს შესაძლო ზარალისგან და მომხმარებლებისთვის უზრუნველყოფს წვდომას ანალოგიური ხარისხის ალტერნატიულ სერვისებზე.

ამ დროისათვის არ არსებობს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „არსებით საფრთხესთან“ დაკავშირებით გამოქვეყნებული დასკვნის დამამტკიცებელი ფაქტები და კომისია თავად ადასტურებს, რომ არ ჩაუტარებია არანაირი კვლევა შესრულებული გარიგების კონკურენციაზე უარყოფითი გავლენის დასამტკიცებლად.

კომისიის გადაწყვეტილება ცალსახად ეყრდნობა გამოუძიებელ ფაქტებსა და გარემოებებს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში მითითებულ შესაბამის დებულებას. 

უფრო მეტიც, იმ შემთხვევაში, თუ „კავკასუს ონლაინს” შეუჩერდება ავტორიზაცია, ეს ძალიან დააზარალებს კონკურენტულ გარემოს, ვინაიდან ბაზარზე დარჩება მხოლოდ ორი მოთამაშე და არსებობს სერიოზული რისკი იმისა, რომ, შედეგად, მნიშვნელოვნად გაუარესდება ინტერნეტის ხარისხიც და მომსახურების ფასიც.

გარდა ამისა, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომიისიის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დაზარალდება საინვესტიციო გარემო და ქვეყანაში ბოლო პერიოდში შემცირებული ინვესტიციების მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესდება.

კომისიის გადაწყვეტილება უპრეცედენტო იქნება, რადგანაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას აქამდე არ მოუთხოვია უფლებამოსილი პირის მიერ შესრულებული გარიგების გაუქმება კომისიისგან წინასწარი ნებართვის მიღების ვალდებულების დარღვევის გამო. 

იმ შემთხვევებში, როდესაც უფლებამოსილი პირის აქციების გადაცემა ხდებოდა კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, შესაძლებელი იყო შესაბამისი განაცხადის პოსტ ფაქტუმ შეტანა. მაგალითად, როდესაც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო ოპერატორის, VEON Georgia-ს ბენეფიციარული მფლობელობა შეიცვალა კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან წინასწარი ნებართვის გარეშე, კომისიამ უბრალოდ მოითხოვა განცხადების პოსტ ფაქტუმ შეტანა, და არ დაუყენებია შემდგარი გარიგების კანონიერების საკითხი. ამჯერად კომისიამ ანალოგიურ შემთხვევაში აირჩია სრულიად სხვაგვარი მიდგომა, როდესაც კომპანიას გარიგების გაუქმება მოსთხოვა.

შესაბამისად, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ დაუშვებელია კერძო კომპანიასა და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შორის მიმდინარე დავამ მოსახლეობის ზურგზე გადაიაროს და საცალო თუ საბითუმო ინტერნეტის მომხმარებლების დიდი ნაწილი ინტერნეტის გარეშე დარჩეს. ამავდროულად, გაურკვვეველია, სადამდე გაგრძელდება არსებული დავა და რა პერიოდის განმავლობაში დარჩებიან აბონენტები ხარისხიანი ევროპული ინტერნეტის გარეშე“ - ნათქვამია ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები