გიორგი შაქარაშვილის საქმე

სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსივე არასრულწლოვანი პატიმრობაში დატოვა

პირველი არხი

​გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსივე არასრულწლოვანი მცხეთის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარემ სასამართლოს რამდენიმე შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეცვლა. მცხეთის სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ექვსივე არასრულწლოვანი პატიმრობაში დატოვა.

28 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 11 სრულწლოვანი ბრალდებულის საქმე ცალკე გამოყო და წინასასამართლო სხდომის ერთი თვით გადაწევა მოითხოვა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა.

27 ივლისის პროცესზე სასამართლომ 11 სრულწლოვანი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში დატოვა.

ექვსი არასრულწლოვნის საქმეზე კი წინასასამართლო სხდომა დღეს ჩატარდა.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია.

თავდაპირველად გამოძიება მათ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა. თუმცა ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შემდეგ, პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო – 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები