ლიბია

ლიბიაში დაპირისპირებულმა მხარეებმა გამოაცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

France 24

ლიბიაში დაპირისპირებულმა მხარეებმა, გაეროს მიერ აღიარებულმა მთავრობამ და ხალიფა ჰაფთარმა გამოაცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მათ დამოუკიდებელი განცხადებები გაავრცელეს, რომლებშიც ნათქვამია, რომ დაპირისპირების შეწყვეტა და უახლოეს მომავალში არჩევნების ჩატარება სურთ.

ტრიპოლში მოქმედი მთავრობის განცხადებას ხელს აწერს მისი მეთაური, ფეიეზ ალ-სარაჯი, ხალიფა ჰაფთარის განცხადებას კი მისი სპიკერი აგილა სალეჰი.

გაეროს წარმომადგენლები და ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფათაჰ ალ-სისი ამ ნაბიჯს მიესალმებიან.

2011 წელს ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის მოკვლის შემდეგ ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო. დედაქალაქ ტრიპოლის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა მართავს. აღმოსავლეთ ნაწილს გენერალი ხალიფა ჰაფთარი აკონტროლებს, რომელსაც ტრიპოლის დაკავება სურს.

ლიბიის კონფლიქტში ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამიროები ხალიფა ჰაფთარს უჭერენ მხარს. ჰაფთარის ძალებთან ერთად იბრძვიან დაქირავებული რუსი სამხედროებიც.

გასულ თვეს ეგვიპტის პარლამენტმა ერთხმად მხარი დაუჭირა "დასავლეთ ფრონტზე უცხოური ტერორისტული ჯგუფების და კრიმინალური სამხედრო დაჯგუფებების" წინააღმდეგ შეიარაღებული ძალების გამოყენებას. მათი გადაწყვეტილებით, შესაძლებელი იქნება ეგვიპტის შეიარაღებული ძალების ნაწილების გამოყენება საბრძოლო მისიებში, ეგვიპტის საზღვრებს გარეთ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

გაეროს ანგარიშის მიხედვით, ლიბიაში რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ასობით დაქირავებული მებრძოლი იმყოფება. ისინი გენერალ ხალიფა ჰაფთარს უჭერენ მხარს და ტრიპოლის მთავრობის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლებში მონაწილეობენ. ანგარიშის მიხედვით 2018 წლის ოქტომბრიდან ქვეყანაში ჯგუფის 800-დან 1 000-მდე დაქირავებული მებრძოლი იმყოფება. მათი უმეტესობა ეროვნებით რუსია, თუმცა არიან ბელარუსის, მოლდოვის, სერბეთის და უკრაინის მოქალაქეებიც. მიმდინარე წლის იანვარში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ლიბიაში მყოფი რუსეთის მოქალაქეები ოფიციალურ მოსკოვს არ წარმოადგენენ და მათ რუსეთის სახელმწიფო არ აფინანსებს. აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, რუსეთი მთავრობასთან დაკავშირებული კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის მეშვეობით ლიბიაში ამბოხებულებისათვის იარაღის მიწოდებას აგრძელებს, მათ შორის საბრძოლო თვითმფრინავების, სარაკეტო თავდაცვის რაკეტების, ნაღმების და ჯავშანტექნიკისა.

ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას სამხედრო ძალებით მხარს უჭერს თურქეთი. მას შემდეგ, რაც ტრიპოლის მთავრობამ ხალიფა ჰაფთარის ძალები დასავლეთ ლიბიის უმეტესი ნაწილიდან გააძევა და მათ ქალაქ სურთამდე მოუხდათ უკან დახევა, გაჩნდა საფრთხე, რომ კონფლიქტი რეგიონული ძალების დაპირისპირებაში გადაიზრდებოდა.

ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტა დაპირისპირებულმა მხარეებმა წარსულშიც გამოაცხადეს, თუმცა მოლაპარაკებები, რომლებშიც რუსეთის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც მონაწილეობდნენ, უშედეგოდ დასრულდა და დაპირისპირება კვლავ განახლდა.

კომენტარები