გირჩი

ხვიჩია: პოლიტიკას გამბედაობა სჭირდება, ქალებს ეს ნაკლებად აინტერესებთ

„ტაქსის მძღოლებში რამე შეზღუდვა არსებობს, რომ ქალი მძღოლები არ არიან?" - ასე პასუხობს „გირჩის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იაგო ხვიჩია გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებულ კითხვას. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ხვიჩია თვლის, რომ ქალებს პოლიტიკის ინტერესი ნაკლებად აქვთ. იაგო ხვიჩია არ მიიჩნევს, რომ ქალებს ჩაგრავენ. „კაცებსაც ჩაგრავენ, მოხუცებსაც, ბავშვებსაც…“

ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ პოლიტიკას გამბედაობა სჭირდება, ქალებს კი ეს ნაკლებად აინტერესებთ. მისივე აზრით, პოლიტიკური საქმიანობა არის რისკიანი, კაცები კი ქალებზე გამბედავები არიან. 

"იქნებ ესეც პატრიარქალური კულტურის შედეგია, რომლის დანახვაც თქვენ არ გინდათ? არა, არსებობს პროფესიები, რომელიც კაცებს უფრო მეტად გვაინტერესებს, არსებობს პროფესიები, რომელიც ქალებს აინტერესებთ. ანუ პოლიტიკა საქართველოში ქალებს არ აინტერესებთ? ნაკლებად აინტერესებთ.

ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ქალი პოლიტიკოსი მაგარი არ შეიძლება იყოს, პროცენტულად რომ ავიღოთ 1000 კაცი და 1000 ქალი, რომელი უფრო მეტი გამოხატავს რაოდენობრივად პოლიტიკის ინტერესს, კაცების რაოდენობა იქნება ბევრად მეტი, ვინაიდან ეს საქმიანობა არის უფრო რისკიანი, თავისთავში მოიცავს უფრო მეტ სარისკო საქმეს, მეტი გამბედაობა სჭირდება რაღაცნაირად, საიდან დაადგინეთ, რომ ქალებს არ აქვთ გამბედაობა? გამბედავები როგორ არ არიან, მაგას კი არ ვამბობ, ყველა ქალი ასეთია, მაგრამ კაცები უფრო მეტად არიან გამბედავები". - ამბობს ხვიჩია, სააგენტო ბათუმელების ცნობით. 

აღსანიშნავია, რომ გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით გირჩმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 10 ივლისს შეიტანა

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ პარტიების საარჩევნო სიაში სავალდებულო გენდერული კვოტირება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 24-ე მუხლს, რომლითაც გარანტირებულია საარჩევნო უფლება. 

საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები სავალდებულო გენდერულ კვოტებს ითვალისწინებს. კერძოდ, ნებისმიერ საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე კანდიდატი უნდა იყოს განსხვავებული სქესის ადამიანი. ეს რეგულაცია მოქმედებს 2020-ის, 2024-ის და ამ წლებს შორის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე. 2028 წლიდან კი, ამოქმედდება ყოველი მესამე სავალდებულო კვოტა.

"თვითმმართველობის არჩევნებზე კი, სიაში ყოველი მეორე ადამიანი უნდა იყოს განსხვავებული სქესის". – თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები