საბავშვო ბაღები

"ერთჯერადი ჭიქები, ინდივიდუალური ჩანთები" - როგორ გაიხსნა საბავშვო ბაღები საქართველოში

აჭარის რეგიონის და რამდენიმე გამონაკლისის გარდა, საქართველოს ბაგა-ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი განახლდა. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახა გვანცელაძეს თქმით, ბავშვების მიღების პირველმა დღემ "ორგანიზებულად და მშვიდად ჩაიარა". მან TV პირველის ეთერში აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ზომების გასაზრდელად დამატებით 6 მლნ ლარი დაიხარჯა.

"ბავშვს, რომელიც მოდის ბაღში, ხვდება ეკიპირებული აღმზრდელი, ართმევს მას მშობელს, უტარებს თერმოსკრინინგს და შეჰყავს საბავშვო ოთახში, სადაც ხვდება მეორე თანამშრომელი. ასეთი ციკლია, სანამ ყველა ბავშვს არ შევიყვანთ საბავშვო ოთახებში.

შევიძინეთ ინვენტარი, პირბადეები, დეზობარიერები, სადეზინფექციო ხსნარები, შეიცვალა სამზარეულოები, ხმარებაში შემოვიდა ერთჯერადი ჭიქები, თეთრეულის რეცხვის ინტერვალი შეიცვალა და კვირაში ორჯერ გაირეცხება.

შეიცვალა კვების პროდუქტების დისტიბუციის წესი, ნაკლებადრეცხვადი სათამაშოები ამოვიღეთ გამოყენებიდან. ბავშვებს აქვთ ინდივიდუალური ჩანთები, სადაც ინახება მათი პერსონალური ნივთები - ფანქრები, პასტელები, მაკრატელი. მასზე დაკრულია ბავშვის ფოტო, რომ მარტივად მიაგნოს" - თქვა გვანცელაძემ.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის შეფასებით, "ყველანაირი გარემოა შექმნილი, რომ უსაფრთხოების ზომები იყოს მაღალ დონეზე აყვანილი".

საბავშვო ბაღები საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო მარტის თვეში დაიხურა. სააღმზრდელო პროცესი პირველ ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, 12 ოქტომბრამდე გადაიდო. ამ დროისთვის, საბავშვო ბაღები არ გახსნილა აჭარის რეგიონში და იმ რამდენიმე ბაღში, სადაც კორონავირუსი მასწავლებელს დაუდასტურდა.

კომენტარები