ცეცხლის შეწყვეტაზე მეორე შეთანხმების მიღწევის მცდელობის მიუხედავად, 18 ოქტომბერს სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი კვლავ დაადანაშაულეს თავდასხმაში.
მეორე შეთანხმების თაობაზე განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ესაუბრა სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს და მოუწოდა, შეესრულებინათ მოსკოვში მიღწეული პირველი შეთანხმების პირობები.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, შუშან სტეპანიანმა თქვა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები შეტევას სამხრეთის ფრონტიდან აგრძელებდნენ.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ შეთანხმების მიუხედავად, სომხეთმა კონფლიქტის ზონაში გამოიყენა საარტილერიო ჭურვები და სცადა თავდასხმა რამდენიმე მიმართულებით. აზერბაიჯანის სამხედრო ძალების განცხადების მიხედვით, მათ სომხური Su-25 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელიც ჯებრაილის მიმართულებით აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე საჰაერო თავდასხმას ცდილობდა. სომხეთი ამ ინფორმაციას უარყოფს.
მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული მთავრობის მიხედვით, შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ მათი ძალების 710 წარმომადგენელი და 36 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აზერბაიჯანი სამხედრო ძალებში მსხვერპლის თაობაზე ინფორმაციას არ ასაჯაროებს, თუმცა, აცხადებენ, რომ დაიღუპა 60 მშვიდობიანი მოქალაქე, დაიჭრა 270.
მთიან ყარაბაღში ომი 27 სექტემბერს განახლდა.
მხარეები ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე მოსკოვში 10 ოქტომბერს შეთანხმდნენ, თუმცა შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი იმავე დღეს დაადანაშაულეს.
სომხეთი თურქეთს აზერბაიჯანის ღიად დახმარებაში და იარაღის და სამხედრო ძალის მიწოდებაში ადანაშაულებს, მათ შორის ლაპარაკია აზერბაიჯანში სირიელი მებრძოლების გაგზავნაზე, რასაც აზერბაიჯანი უარყოფს.
ცეცხლის შეწყვეტაზე მეორე შეთანხმების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 17 ოქტომბერს, ბაქოს განცხადებით, განჯაზე სომხური სარაკეტო თავდასხმის შედეგად 13 მოქალაქე დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. ამავდროულად, ერევანმა ბაქო დაადანაშაულა მთიან ყარაბაღში დასახლებულ ტერიტორიებზე, მათ შორის, სტეფანაკერტზე საარტილერიო შეტევის განხორციელებაში - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის შეტევის შედეგად დაიღუპა სამი სამოქალაქო პირი.