"რაც შეეხება დაგვიანებებს, მესმის ძალიან კარგად, იმიტომ, რომ სისტემა გადატვირთულია". – ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე კითხვას, რომელიც Covid-ინფიცირებულ პაციენტებთან სასწრაფო დახმარების ბრიგადების დაგვიანებას ეხებოდა.
"ჩვენ 300 ახალი შემთხვევიდან უცბად ავედით 500-ზე, 800-ზე, 1100-ზე,. ეს არ არის ეს მარტივი ადაპტაცია, მაგრამ როგორც წესი, 3-4-5-6 დღის განმავლობაში ეს დგება ჩარჩოებში და დარწმუნებული ვარ, ჩადგება ჩარჩოებში". – ამბობს გამყრელიძე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმითვე, 19 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, Covid-ცენტრებში 900 თავისუფალი საწოლი იყო.
"დღევანდელი ინფიცირებული 1 186 პაციენტიდან ჰოსპიტალურ მკურნალობას ექვემდებარება 20-25%, ანუ მათთვის 200-300 საწოლი უნდა იყოს თავისუფალი". – აღნიშნა გამყრელიძემ.
19 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 10 325 აქტიური შემთხვევაა. აქედან დაახლოებით 3 000 პაციენტი ბინაზე მკურნალობს.