კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევიდან 61 სამედიცინო პერსონალია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი 1 351 შემთხვევიდან 61 სამედიცინო პერსონალია. 

"1 351 ინფიცირებულიდან 1 012 არის სიმპტომებიანი, შემდეგ მოდის კონტაქტები - 51. 61 არის სამედიცინო პერსონალი, როგორც საექიმო, ისე საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალი". –ამბობს გამყრელიძე. 

დღეს, 21 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 14 ადამიანი, 337 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

ქვეყანაში სულ COVID-19-ით ინფიცირების 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 003 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 172 – გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, იმერეთსა და უკვე მცხეთაშიც, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები