არჩევნები 2020

ბოკერია: მოვუწოდებ ამომრჩეველს, II ტურში ივანიშვილის წინააღმდეგ ზოდელავას დაუჭირონ მხარი

ქვეყნის მასშტაბით, ჩვენი მონაცემებით, დასტურდება, რაც ეგზიტპოლების დიდ ნაწილში იყო - ვერ მიიღო მართვის მანდატი ივანიშვილმა საქართველოს საზოგადოებისგან. ჩვენი მოქალაქეების დიდმა ნაწილმა ხმა მისცა ამ ხელისუფლების შეცვლას. მაგრამ, სამწუხაროდ, ამის გაფორმებას დასჭირდება მეორე ტურები ბევრ ოლქში, მათ შორის, იმ ოლქში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. ჩვენი მონაცემებით, ამ ოლქში, მეორე ტურში ივანიშვილის წარმომადგენელ ხახუბიასთან ერთად იქნება ჩვენი კონკურენტი პარტიის, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ზოდელავა. ევროპული საქართველო ყველგან და აქაც, პირადად მეც, მოვუწოდებ ამომრჩეველს, რომ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში, ჩვენს კონკურენტს დაუჭირონ მხარი. 

აქვე უნდა გავახსენო ყველას, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, როგორი სწორი იყო ჩვენი გეგმა ერთიან მაჟორიტარებზე შეჯერებისა და რამდენად უპასუხისმგებლო იყო სააკაშვილის გარემოცვისგან ამის ჩაშლა, როგორი უგუნურება იყო ზოგიერთი სხვა ოპოზიციური პარტიისგან ამაში არმონაწილეობა. მაგრამ, ეს არის წარსული, საიდანაც დასკვნა უნდა გამოვიტანოთ. ახლა უნდა გავაფორმოთ ის გადაწყვეტილება, რაც ქვეყანაში მიიღო საზოგადოებამ, რომ არ მისცა მანდატი ივანიშვილის ხელისუფლებას. ეს უნდა გავაფორმოთ მეორე ტურებში, მიუხედავად ამ აბსოლუტურად არანორმალური საარჩევნო გარემოსი - მოსყიდვა, ძალადობა და დაშინება საერთო ჯამში იყო და არის ივანიშვილის რეჟიმის ხელწერა.

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი და ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგა ბოკერია.

კომენტარები