არჩევნები 2020

ბოკერია: პოლიტიკურად ჩვენ ამ პროცესს არ ვცნობთ, როგორც ლეგიტიმურს

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი და ფოთში, ხობსა და სენაკში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ პარტიაში არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობენ. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ ლეიბორიტული პარტიის ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულებისას ილაპარაკა.

ბოკერიას თქმით, არის საკითხები, რომლებზეც უკვე არსებობს მკაფიო პოზიცია და არის საკითხები, რომლებსაც პრაგმატული და სტრატეგიული დისკუსია სჭირდება, ჯერ გუნდების შიგნით და შემდეგ საერთოდ.

"ის, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმურად არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, ამაზე ჩვენი პოზიცია გუშინვე დაფიქსირდა. დაშინების, ძალადობის, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, უბნებზე მანიპულაციებისას მიღებული შედეგი არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და არაა ლეგიტიმური და, აქედან გამომდინარე, პოლიტიკურად ჩვენ ამ პროცესს არ ვცნობით, როგორც ლეგიტიმურს, ეს აშკარაა.

ის, რომ ამ ყველაფერზე მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტი უნდა იყოს, ამაზეცაა კონსესუსი ჩვენი გუნდის შიგნით და აქაც. დღევანდელი აქციის შემდეგ, მომავალ კვირას, იქნება აქცია, სადაც ეს პოზიცია მშვიდობიანი პროტესტით ისევ გამოიხატება.

რაც შეეხება ამ ვითარებაში როგორ ვუპირისპირდებით ამ არალეგიტიმურ არჩევნებს, დღეს და ხვალ ჩვენი პოლიტიკური გუნდის შიგნით და შემდეგ ყველა ჩვენს პარტნიორთან გვექნება დისკუსია და იმ აქციამდე საზოგადოებას საბოლოო პოზიციას მოვახსენებთ". – ამბობს გიგა ბოკერია.

ცესკოს პირველადი მონაცემებით, ქართულ ოცნებას 48.05% აქვს, 27% - ენმ-ძალა ერთობაშიას, 3.79% - ევროპულ საქართველოს, პატრიოტთა ალიანსს 3.18, ლელოს - 3.17, სტრატეგია აღმაშენებელს 3.15%, გირჩს - 2.92%, ალეკო ელისაშვილის მოქალაქეებს 1.34%, ლეიბორისტულ პარტიას 1%, ნინო ბურჯანაძის ერთიან საქართველოს 0.85%.

წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შედეგები არალეგიტიმურია და 16:00-ზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დააანონსეს.

კომენტარები