ახალი კორონავირუსი საქართველოში

თბილისის საქალაქო სასამართლოს რამდენიმე თანამშრომელს COVID 19 დაუდასტურდა

newstory.ge

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასაქმებულ რამდენიმე თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია სასამართლოს Facebook გვერდზე გავრცელდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით, სასამართლო მომხმარებელს მიმართავს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ყველა სახის კორესპონდენციის წარმოდგენის მიზნით სასამართლოში ვიზიტისაგან.

"მოვუწოდებთ, სასამართლოს ვიზიტორებს და პროცესის მონაწილე მხარეებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, შეზღუდონ ზემოთხსენებული მიზნით სასამართლოში ვიზიტები.

მოგმართავთ თხოვნით, ისარგებლოთ უფასო დისტანციური ელექტრონული სერვისებით, როგორც დოკუმენტბრუნვისას, ასევე სამართალწარმოების დროს". – წერია განცხადებაში.

4 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 46 817 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 31 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 381 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა.

კომენტარები