არჩევნები 2020

ზედელაშვილი: რეჟიმის სრული დემონტაჟისთვის ხანგრძლივი ბრძოლა იქნება საჭირო

როგორც არ უნდა გააგრძელოს ბრძოლა ოპოზიციამ, ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს რეალობას, რომ ივანიშვილის რეჟიმში არჩევნები არ არის პოლიტიკური ძალაუფლების მონაცვლეობისა და ლეგიტიმაციის მთავარი ინსტრუმენტი, არამედ მხოლოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტთაგანი.

არჩევნებისთვის ამ არსებითი ფუნქციის დაბრუნება და შენარჩუნება უნდა იყოს უმთავრესი ამოცანა ყველა დემოკრატიული ძალისთვის. ეს არ არის დემოკრატიის ხარისხის პრობლემა, ეს დემოკრატიის არსის პრობლემაა.

ამავე დროს, რეჟიმისადმი ოპოზიციურად განწყობილმა ამომრჩეველმა თავი არ უნდა მოიტყუოს სწრაფი შედეგების მოლოდინით. ასეთი მდგომარეობიდან სწრაფი და მარტივი გამოსავლები არ არსებობს.

ბოიკოტი ნამდვილად არის ერთ-ერთი შესაძლო გზა. თუმცა არა ერთადერთი და მნიშვნელოვანია, საპროტესტო ელექტორატს პარტიებმა ნათლად აუხსნან ბოიკოტთან დაკავშირებული სტრატეგიის რისკები და ისიც, რომ სრული ბოიკოტის პირობებშიც კი, არსებობს ივანიშვილის მომდევნო 4 წლით ძალაუფლებაში დარჩენის რეალური შესაძლებლობა.

რეჟიმის მოწინააღმდეგე ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ რეჟიმის სრული დემონტაჟისთვის ხანგძლივი ბრძოლა იქნება საჭირო.

ამ მდგომარეობით, როგორც რეჟიმის ინსტიტუტებს შიგნით ისე მის გარეთ ბრძოლა არის მეტ-ნაკლებად თანაწონადი სტრატეგია. მთავარია სტრატეგიას რომელსაც ოპოზიცია აირჩევს ჰქონდეს ყველაზე ფართო მხარდაჭერა, განხორციელდეს თანმიმდევრულად და სრულად იყოს გააზრებული ამ სტრატეგიის შესაძლო დადებითი და უარყოფითი შედეგები

წერს Facebook-ზე საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და კვლევითი ინსტიტუტის, GNOMON WISE-ის მკვლევარი, დავით ზედელაშვილი. კონსტიტუციონალისტი ამ პოსტით ოპოზიციური პარტიების მიერ პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადებას ეხმაურება.

კომენტარები