არჩევნები 2020

"გრინჩმა მოიპარა შობა, ივანიშვილმა და ჟვანიამ კი არჩევნები". – აქცია ცესკოსთან

ფორმულა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციის წევრები და აქტივისტები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომაა. 

აქტივისტებმა ცესკოს ოფისთან სიმბოლურად გირჩის ბიუსტი მიიტანეს, სადაც ბიძინა ივანიშვილისა და თამარ ჟვანიას სახეებია მიკრული. როგორც ისინი ამბობენ, როგორც გირჩმა მოიპარა შობა, ისე მოპარეს ჟვანიამ და ივანიშვილმა ქართველ ხალხს არჩევნები. 

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, საზოგადოება არ შეეგუება იმას, რომ მათი ხმები გააყალბეს. მისი თქმით, ამ ხალხის პროტესტს ვერაფერი შეაჩერებს. 

"უნდა გაიგოს ხელისუფლებამ, რომ ეს ხალხი არ შეეგუება იმას, რომ მათ გაუყალბეს არჩევნები და წაართვეს თავიანთი თავისუფალი არჩევანის უფლება. ან ახალი არჩევნები უნდა დანიშნონ და ეს გამოასწორონ, ან უნდა მიიღონ ერთპარტიული პარლამენტი და დიქტატურა ამ ქვეყანაში, მეორე ვარიანტი არ არის კარგი ქვეყნისთვის, ამ ხალხს ვერავინ ვერ გააჩერებს". - ამბობს კაპანაძე. 

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად, გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. არცერთი ოპოზიციური პარტია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის და საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პროპუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა

რა მასშტაბის გაყალბებაზე საუბრობს ოპოზიცია, ნახეთ აქ.

კომენტარები