არჩევნები 2020

ეუთო PA: ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტურ თავისუფლებებს

ელონა ჯებრეა ხოჯა/პია კაუმა

8 ნოემბერს ცესკო-ს შენობასთან აქციის დარბევას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ელონა ჯებრეა ხოჯა და პია კაუმა გამოეხმაურნენ. ისინი დემონსტრანტებს ძალადობისგან თავის შეკავებისკენ, ხოლო ხელისუფლებას შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემისკენ მოუწოდებენ.

"კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და მთლიანობაში ფუნდამენტური უფლებები – დაცული. ახლოდან ვადევნებ თვალს საქართველოში მიმდინარე პროტესტს. მივესალმები ხალხის მიერ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენებას, თუმცა ძალადობა მიუღებელია. მოვუწოდებ დემონსტრაციას მშვიდობიანობისკენ. ამავდროულად, აღვნიშნავ, რომ პოლიციას აქვს ვალი, გამოიჩინოს თავშეკავება დემონსტრანტების მიმართ, აუცილებელია, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოუსმინონ დემონსტრანტების ხმას და პატივი სცენ ფუნდამენტურ თავისუფლებებს". – თქვა ელონა ჯებრეა ხოჯამ.

"მოვუწოდებ ყველა აქტორს, ჩაერთონ კონსტრუქტიულ დიალოგში, რათა გადალახონ არსებული პოლარიზაცია, ერთად იმუშაონ სტაბილურ პოლიტიკურ ჩარჩოზე. ამავდროულად ყურადღება მიაქციონ საერთაშორისო პარტნიორებისგან მიღებულ გზავნილებს. მინდა, გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ არჩევნების გაყალბების ბრალდებებზე ინკლუზიური პროცესით რეაგირებისთვის". – აღნიშნავს პია კაუმა.

"ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების და პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დაინტერესებული მხარე გამოიჩენს მაქსიმალურ თავშეკავებასა და პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას საერთო კეთილდღეობის მიმართ და უფრო ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების აშენების მიზნით, რომელიც გააძლიერებს საზოგადოების ნდობას."

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისია მიავლინა. არჩევნების პერიოდში საქართველოში მუშაობდა ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გაერთიანებული სადამკვირვებლო მისია. სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, არჩევნების ტექნიკური საკითხები ეფექტიანად იყო მოგვარებული, თუმცა საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინირებამ და ხელისუფლებასა და პარტიას შორის ზღვრის წაშლამ მნიშვნელოვნად შეარყია არჩევნების პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობა.

კომენტარები