არჩევნები 2020

კობახიძე: ოპოზიციას ვთავაზობთ კლასიკურ დებატებს და არა შოუს, უარი ჩაითვლება კაპიტულაციად

პარლამენტი

"ჩვენ ოპოზიციას ვთავაზობთ კლასიკურ დებატებს და არა შოუს, ეს არის შოუს შემოთავაზება". - ასე შეაფასა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ხუთი ოპოზიციური პარტიის შეთავაზება, რომ დებატები ყველა ნაციონალური მაუწყებლის მონაწილეობით ჩატარდეს.

"ჩვენ ვთავაზობთ მარტივ დებატებს კონკრეტულ ტელევიზიაში, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ინიციატივა პირველად გაჟღერდა რუსთავი 2-ზე, ჩვენ მზად ვართ, მათ მივანიჭოთ ეს ექსკლუზივი დებატების ორგანიზებასთან დაკავშირებით. შეგვიძლია, დავსხდეთ კონკრეტულ ტელევიზიაში და მშვიდ გარემოში გავცვალოთ არგუმენტები, თუ რამდენად იყო რაიმე არსებითი ხარვეზები გამოვლენილი ამ არჩევნებში.

თუ მათ არ აქვთ შიში სიმართლის მიმართ, ბუნებრივია, უნდა დათანხმდნენ კლასიკურ დებატებს და ეს არის ჩვენი შეთავაზება". - თქვა კობახიძემ და ოპოზიციას მოუწოდა, "ეყოთ სითამამე, გაბედონ და ჩაერთონ დებატებში, რათა საზოგადოებამ გაიგოს სრული სიმართლე არჩევნებთან დაკავშირებით".

"ჩვენს სითამამეს ზურგს უმაგრებს სიმართლე, ხოლო მათ თავშეკავებას საფუძვლად უდევს სიყალბე, რომლითაც ისინი არჩევნების შეფასებისას გამოირჩევიან. დებატებში მონაწილეობაზე უარი ჩაითვლება ოპოზიციის კაპიტულაციად და შესაბამისად, მათი ყოველგვარი საუბარი არჩევნებთან დაკავშირებით უხეშ სპეკულაციად შეფასდება". - განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა.

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს აღრიცხულ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით სასაუბროდ ოპოზიციური პარტიები დებატებში 16 ნოემბერს გამოიწვია. ამის შემდეგ, ევროპულმა საქართველომ, ლელომ, გირჩმა, სტრატეგია აღმაშენებელმა და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ "საპარლამენტო არჩევნებამდე ქართული ოცნების წარმომადგენლებს არცერთ პოლიტიკურ თუ საგნობრივ დისკუსიაში, მედიის მიერ ორგანიზებულ დებატებში მონაწილეობა არ მიუღიათ".

"ახლა პროსამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიის, რუსთავი 2-ის ეთერში ირაკლი კობახიძემ დებატების გამართვა მოინდომა. 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების ხელისუფლების მხრიდან მანიპულირების მასშტაბსა და მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მეთოდზე დებატები და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირება, როგორი პოლიტიკურად გაკოტრებულია ივანიშვილის რეჟიმი, სასურველ აუცილებელ გზად მიგვაჩნია, მაგრამ იმ დროს, როდესაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა ყველა დამოუკიდებელი და კრიტიკული ტელემედიის ბოიკოტირებას ახდენენ, არ მივიჩნევთ, რომ ეს აუცილებლად ხელისუფლების მხარდამჭერი ტელევიზიის ეთერში უნდა მოხდეს. 

შესაძლებელია ამ დებატების მოწყობა შემდეგ კვირას, საქართველოში ყველა ნაციონალური მაუწყებლის მონაწილეობით, ისეთ ფორმატში, სადაც კითხვების დასმის შესაძლებლობა განსხვავებული შეხედულების ჟურნალისტებს ექნებათ". - ნათქვამია განცხადებაში.

ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ის არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას, შესაბამისად, არ აპირებენ მონაწილეობა მიიღონ მეორე ტურებში. ქუჩის პროტესტის პარალელურად, საერთაშორისო ფასილიტატორების ჩართულობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერებს შორის უკვე ორი შეხვედრა შედგა.

კომენტარები