არჩევნები 2020

კაპანაძე: პარლამენტის გარდა, ახალი არჩევნების მისაღებად ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ

გუშინ ოპოზიციას ჰქონდა შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ბატონ რიკერთან, ეს კიდევ ერთი საშუალება იყო ჩვენთვის, რომ მისთვის აგვეხსნა ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საერთო ოპოზიციურმა სპექტრმა და გვესაუბრა იმ მასშტაბურ დარღვევებზე, რაც არ გვაძლევს საშუალებას, რომ შევიდეთ პარლამენტში, გამომდინარე იქიდან, რომ ოფიციალურად გამოქვეყნებული შედეგები უბრალოდ არ ასახავს ხალხის ნებას. რა თქმა უნდა, მოსაზრება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა გამოთქვეს, თქვენთვის ცნობილია - მათ ურჩევნიათ, რომ ინსტიტუტები იყოს გამოყენებული ბოლომდე და პარლამენტში გაგრძელდეს ბრძოლა. ჩვენ შევეცადეთ, მისთვის აგვეხსნა, რომ ინსტიტუტები ჩვენთან არ მუშაობს - არ მუშაობს არც სასამართლო, რომელიც პირდაპირ ასრულებს ივანიშვილის დაკვეთას, არ მუშაობს არც ცესკო, რომელმაც არცერთი საჩივარი არ განიხილა, არ მუშაობს არც საოლქო კომისიები, რომლებმაც ყველა გადათვლის მოთხოვნაზე, პრაქტიკულად, უარი თქვეს. აქედან გამომდინარე, ის, რაც იდეალურ მდგომარეობაში სწორი იქნებოდა, ინსტიტუციების გამოყენება, ჩვენს შემთხვევაში უბრალოდ არარელევანტურია. 

ჩვენი პოზიცია არ იცვლება - ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, მაგრამ ჩვენი პოზიცია გამომდინარეობს იმ მძიმე რეალობიდან, რომელიც აქ შექმნა ივანიშვილმა, როდესაც გააყალბა არჩევნები და შემდეგ მიისაკუთრა პრაქტიკულად ხელისუფლება. ამიტომ ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას ჩვენ არ ვაპირებთ, ჩვენ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას ახალი არჩევნების მისაღწევად და ამ ბრძოლას გავაგრძელებთ ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, ოღონდ არა პარლამენტის გამოყენებით, გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტი არ არის ლეგიტიმური და ჩვენი იქ შესვლით მას ლეგიტიმაციას ვერ მივცემთ.

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე.

კომენტარები