Nord Stream 2

Nord Stream 2-ის პროექტში ჩართული კომპანიები ამბობენ, რომ მშენებლობა დეკემბრიდან გაგრძელდება

AFP

გერმანული მედია Nord Stream 2-ის პროექტში ჩართულ კომპანიებზე დაყრდნობით წერს, რომ გაზსადენის მშენებლობა, აშშ-ს სანქციების მიუხედავად, დეკემბრიდან გაგრძელდება.

თავდაპირველად ეს ინფორმაცია გერმანულმა რადიომ Norddeutscher Rundfunk-მა კომპანიების Baltic Sea Waterways-ის და Shipping Office-ის განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა, მოგვინებით კი Deutsche Presse-Agentur-მა მსგავსი ინფორმაცია კომპანია Nord Stream 2 AG-სგან მიიღო.

კომპანიაში ამბობენ, რომ მშენებლობა მომდევნო კვირას, 5 დეკემბრიდან განახლდება.

გაზსადენის მშენებლობა აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ პროექტიდან კომპანიების გასვლის გამო ერთი წლის განმავლობაში იყო შეჩერებული.

გაზსადენის მშენებლობა ამ დროისთვის 93%-ით არის დასრულებული. 1 220 კილომეტრიანი გაზსადენის მხოლოდ 160 კილომეტრიანი მონაკვეთის დასრულებაღა რჩება. Nord Stream 2-ის გაზსადენი ექსპლუატაციაში 2019 წლის ბოლოს უნდა შესულიყო, თუმცა გასული წლის ბოლოს აშშ-მ გაზსადენის მშენებლობის ოპერატორებს სანქციები დაუწესა, რის შედეგადაც, მთავარმა სამშენებლო კომპანიამ, შვეიცარიულმა Allseas-მა პროექტზე მუშაობა შეწყვიტა.

2020 წლის იანვარში გაზპრომის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ რუსეთი სხვის დაუხმარებლადაც დაასრულებს პროექტს, თუმცა, ამისთვის უფრო მეტი დრო იქნება საჭირო. 

იმავე შინაარსის განცხადება გააკეთა ვლადიმირ პუტინმაც. ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს პუტინმა თქვა, რომ რუსეთი გაზსადენის მშენებლობას 2020 წლის ბოლომდე ან 2021 წლის პირველ ნახევარში დაასრულებს.

სექტემბერში სადაზღვევო კომპანიების საერთაშორისო ჯგუფმა, რომელიც ურთიერთდაზღვევის კომპანიების რამდენიმე კლუბს აერთიანებს, უარი თქვა გაზპრომის გაზსადენის Nord Stream 2-ის მშენებლობაზე მომუშავე გემების დაზღვევაზე. გადაწყვეტილების მიზეზი ამ შემთხვევაშიც აშშ-ს მხრიდან უკვე დაწესებული და მოსალოდნელი სანქციები იყო.

გაზსადენის პროექტი ორი ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გაივლის და მისი საერთო სიგრძე 1,224 კილომეტრი იქნება. გაზსადენის სიმძლავრე, რომელიც რუსეთიდან გერმანიის მომარაგებას ითვალისწინებს, წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრია.

ნავალნის მოწამვლამ ხელახლა დააყენა Nord Stream 2-ის პროექტის საკითხი. ნავალნის მოწამვლამდე პროექტის დასრულებას ემხრობოდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც, თუმცა ნავალნის მოწამვლის შემდეგ, საპასუხო ზომებზე საუბრისას მერკელმა განაცხადა, რომ "ნებისმიერი საპასუხო მოქმედება განიხილება". მიუხედავად ამისა, გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, პეტერ ალტმაიერი გაზპრომის გაზსადენის მშენებლობის დასრულებას ემხრობა. მინისტრის თქმით, Nord Stream 2-ის მშენებლობის დასრულება აუცილებელია.

აშშ-ს გარდა პროექტს ეწინააღმდეგებიან აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიისპირეთის ქვეყნები. მიმდინარე წლის აგვისტოში პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამმართველომ რუსული კომპანია გაზპრომი 57 მილიონი დოლარით დააჯარიმა.

პოლონეთის მთავრობაში ამბობენ, რომ გაზსადენი, რომელიც გააორმაგებს რუსული გაზის ექსპორტს ბალტიის ზღვის გავლით, ბუნებრივი აირის უდიდესი მწარმოებლის,  გაზპრომის დომინირებას კიდევ უფრო გაზრდის და ის ევროპისათვის საფრთხეს წარმოადგენს.

აშშ-ს სენატში უკვე დარეგისტრირებულია კანონპროექტი, რომელიც სანქციების გამკაცრებას მოიცავს.

კომენტარები