ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: 1 700 სტუდენტი გადამზადდა, 1 000-მდე სხვადასხვა ინტენსივობითაა ჩართული

იმედი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, 1 700-მა მედიცინის სტუდენტმა გაიარა გადამზადება, 800-დან 1 000-მდე კი სხვადასხვა ინტენსივობითაა ჩართული მუშაობაში. გამყრელიძის ცნობით, სტუდენტები მუშაობენ როგორც პირველად და ჰოსპიტალურ ჯანდაცვაში, ასევე ე.წ კლინიკურ სასტუმროებშიც არიან გადანაწილებულები.

კითხვაზე, თუ რამდენი პენსიაზე გასული ექიმი დაბრუნდა პადემიის დროს ჯანდაცვის სისტემაში, გამყრელიძე ამბობს, რომ ზუსტი რიცხვი არ იცის, თუმცა პენსიაზე გასული ექიმების დაბრუნება ისეთი მასობრივი არ ყოფილა, როგორც სტუდენტებისა.

"ასეთი მასობრივი არ ყოფილა პენსიაზე გასული ექიმების დაბრუნება, მაგრამ ნაწილი მათი - ზუსტ ციფრს ვერ დაგისახელებთ, - დაბრუნდა". – ამბობს გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას.

26 ოქტომბერს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა თქვა, რომ სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან, რათა შეიქმნას სამედიცინო პერსონალის რეზერვი და საჭიროებისას ისინი ვირუსის მართვის პროცესში ჩაერთვებიან.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები