თაღლითობა

შსს: თაღლითობისთვის 3 პირი დავაკავეთ – ისინი მოქალაქეებს თანხას მოტყუებით არიცხვინებდნენ

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში თაღლითობისთვის 3 ადამიანი - 1994 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი გ.ღ., 1991 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ი.დ. და 1990 წელს დაბადებული ვ.მ. დააკავეს. 

უწყების ინფორმაციით, ისინი ავტოპორტალზე, Myauto.ge-ზე ვითომ გასაყიდი მანქანების ფოტოებს ათავსებდნენ და დაბალ ფასს უთითებდნენ, შემდეგ კი შეძენის მსურველებს თანხის ნაწილს მოტყუებით არიცხვინებდნენ. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები კვალის დაფარვისთვის სხვადასხვა ტელეფონებსა და ნომრებს იყენებდნენ და სიმ-ბარათებს ანადგურებდნენ. 

"სამართალდამცველებმა სამივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო მობილური ტელეფონები, რომლებითაც ბრალდებულები დანაშაულის ჩადენის დროს სარგებლობდნენ.

დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები". – წერია უწყების განცხადებაში. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

კომენტარები