პოლიტიკური და სამოქალაქო

ზაფხულის ნომრისთვის წერა გამოწვევაა – ტექსტი შვებულების დასაწყისში დაახლოებით ისეთივე რელევანტური უნდა იყოს, როგორც სეზონის ბოლოს. ისეთმა თემებმა, როგორიცაა, მაგალითად, ხორცის ფასის გაძვირება, შეიძლება არ გაამართლოს, რადგან არაა გამორიცხული – იმედი მაინც ბოლოს კვდება – რომ, ამ პერიოდის განმავლობაში, პრობლემის არსი შეიცვალოს კიდეც. 

ამიტომ უფრო ზოგად თემას შევეხები – პოლიტიკური სისტემისა და სამოქალაქო საზოგადოების დღევანდელ მდგომარეობას. 

დავიწყებ მედიით, იმიტომ რომ სწორედ მედიის თემა აღმოჩნდა უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებული დისკუსიების საგანი. 

ზოგადი თეზისი: მასმედია, პოლიტიკური ელიტების ხელში, საქართველოში მუდამ იყო მასების კონტროლის საშუალება. უფრო ზუსტად, ელიტა ყოველთვის იყენებდა მედიას საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ხოლო კონტრელიტა – ძალაუფლების მოსაპოვებლად (მათ შორის, რევოლუციის გზით).

ითვლება, რომ უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში დასავლური ტიპის დემოკრატიებში საქმე ზუსტად საპირისპიროდაა – მასმედია იქ წარმოადგენს ინსტრუმენტს მასების ხელში, ელიტების გასაკონტროლებლად. მეტიც, ის საზოგადოება, რომელიც საკუთარ ელიტას აკონტროლებს, უკვე აღარ იმსახურებს „მასებად” მოხსენიებას. 

საქართველოში, რასაკვირველია, არსებობს ისეთი მედიაც, რომლის წარმომადგენლები ამაყად აცხადებენ, რომ არც ერთი პარტიისთვის არ მუშაობენ. მაგრამ, ტრადიციულად, ასეთი მედიის ხარისხი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე მათი, რომლებიც პოლიტიკურ ბრძოლაში არის ჩართული. ოღონდ ეს ვერ გამოდგება იმის არგუმენტად, რომ საქართველოში ხალხს ხარისხიანი მასმედია არ უნდა და, შესაბამისად, ის არც დემოკრატიისათვის არის მზად. 

არა, მე იმას არ ვამბობ, რომ ხალხს უნდა ხარისხიანი მედია და დემოკრატიისთვის მზადაა. უბრალოდ, ხალხი აქ არაფერ შუაშია. 

ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ დემოკრატია ხალხის მმართველობაა. მაგრამ რას ნიშნავს ეს კონკრეტულად? ხომ შეუძლებელია, საერთოდ, რამდენიმე მილიონიანმა ადამიანმა პირდაპირ და გაუშუალებლად მართოს საკუთარი თავი? ამიტომაცაა, რომ საუკეთესო დასავლელი პოლიტოლოგები ევროპასა და აშშ-ში არსებულ პოლიტიკურ სისტემას ხშირად არა როგორც დემოკრატიას, არამედ როგორც პოლიარქიას მოიხსენიებენ. პოლიარქია პლურალიზმს ნიშნავს, როდესაც ძალაუფლება ერთი პირის ხელში არაა კონცენტრირებული. არსებობს შესაძლებლობა, ძალაუფლების მქონე პირი სხვამ შეცვალოს. აქ დემოკრატიის რეალისტური თეორია ხელს უწვდის მემარცხენე ფილოსოფიას, რომელიც ასევე არ მიიჩნევს, რომ დასავლეთში არსებული პოლიტიკური რეჟიმები დემოკრატიის განსახიერებაა. მაგალითად, ჟაკ დერიდა სიცოცხლის ბოლო წლებში მუდამ „მომავალ დემოკრატიაზე” საუბრობდა, რითაც არსებული დემოკრატიების ნაკლოვანებებზე მიუთითებდა. მაგრამ დღეს საქართველოში მოქალაქეთა უმრავლესობას არ აქვს პრეტენზია, აქ და ახლა რაღაც არნახული და გაუგონარი დემოკრატიის ფორმა გამოიგონოს. ძირითადად ჩვენი ინსტიტუტები და იდეები უკვე არსებულის გაგება-გადმოღებაში მდგომარეობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი უპირველესი მიზანი პოლიტიკური სისტემის ცვლილებისას, სწორედ პოლიარქიის რეჟიმის დამყარება უნდა გახდეს. 

მაგრამ თუ ჩვენ ამოვალთ პლურალიზმისა და პოლიარქიის კონცეპტიდან, მაშინ გამოვა, დემოკრატიის ასე გაგებული რეჟიმისათვის მიღწევის საქმეში, ზოგიერთი პროცესი სულაც არ გვეხმარება. მაგალითად, ვინც არ
უნდა შეკრიბოს დღეს ხალხის მასები ქუჩაში –  ხელისუფლება იქნება ეს თუ ოპოზიცია – დიდი დემოკრატის სახელს მაინც ვერ დაიმსახურებს.  არა,  რასაკვირველია, მიტინგები და დემონსტრაციები დემოკრატიის ნაწილია, მაგრამ ინსტიტუტების გარეშე ისინიც პოპულიზმის გავრცელებას უფრო უწყობენ ხელს, ვიდრე დემოკრატიის დამყარებას.  

რა ინსტიტუტებზეა საუბარი? პირველ რიგში, ცხადია, პოლიტიკურ პარტიებზე. ასევე, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ძირითად მახასიათებელზე, რომელიც გულისხმობს ხელისუფლებად და ოპოზიციად გაყოფას ისე, რომ მათი ურთიერთჩანაცვლებით სისტემა არ ინგრევა. მოკლედ, თუ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური სისტემის წვერის გაყოფა ხელისუფლებად და ოპოზიციად, რომელთაგან თითოეულს ხელი მიუწვდება სხვადასხვა ტიპის რესურსების დაახლოებით ერთსა და იმავე რაოდენობაზე (ფინანსები, მედია და ა.შ.), მაშინ სახეზე გვაქვს დემოკრატია – არა იდეალური, არამედ რეალური. ეს სისტემა იძლევა საშუალებას, აქტიური მოქალაქეები ან ერთი პარტიის მხარეს ჩაერთონ, ან – მეორისა, ანაც საერთოდ შეეშვან პოლიტიკას და საკუთარ პრივატულ საქმეებს მიხედონ. ბოლოს და ბოლოს, ერთი არგუმენტის მიხედვით, რომელსაც განთქმული ამერიკელი პოლიტოლოგები იზიარებენ, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა ის კი არაა, სადაც ყველა მოქალაქე აქტიურია, არამედ ის, სადაც პასიურობაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რათა სისტემამ სტაბილურობა შეინარჩუნოს. 

ახლა კითხვა – ვისი ბრალია, რომ ასეთი სისტემა საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა? ხალხის? ჩემი აზრით, არა. მთავარი პრობლემა პოლიტიკურ კლასშია, რომელმაც ვერ მოახერხა თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის ისეთი მოდუსის მონახვა, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ზემოთ აღწერილი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას. შედეგად კი ჰიბრიდულ რეჟიმს, რომელსაც დემოკრატიის ნიშნები ისევე ახასიათებს, როგორც ავტოკრატიისა. თანაც ამ ტიპის ჰიბრიდული რეჟიმი უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში ჩვენთანაა; სწორედ ის წარმოადგენს მთავარ მიზეზს პოლიტიკური რევოლუციებისა და მათი მცდელობებისა, რადგან ასეთ რეჟიმს არ შეუძლია შექმნას მექანიზმი, რომელიც მოახერხებდა სისტემის შიგნით ძალების ბალანსირებას. ამიტომ, ამ მექანიზმის საკომპენსაციოდ ნებისმიერი პოლიტიკური ძალა მასების მობილიზაციას ცდილობს და კიდევ უფრო აძლიერებს პოპულიზმის ტალღას. 

არიან ადამიანები, რომლებიც ვითარების გამოსწორებას სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ელიან. მე, იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელშიც დღეს სამოქალაქო საზოგადოებაა, ეს შესაძლებლობა ნაკლებად სარწმუნოდ მეჩვენება. ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოება, განსხვავებით პოლიტიკური სისტემისგან, არაა ელიტის საქმე. პირიქით, სწორედ სამოქალაქო საზოგადოება, თავისი ასოციაციებითა და ორგანიზაციებით, ახდენს გავლენასა და ზეწოლას პოლიტიკურ ელიტაზე. მაგრამ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება სხვაგვარად განვითარდა – როგორც ამ სფეროს ნებისმიერი მცოდნე გეტყვით, ჩვენი NGO-ები არ წარმოადგენენ არანაირ ინტერესს, გარდა საერთაშორისო დონორებისა. ისინი ვერ ახდენენ ვერც მოქალაქეების მობილიზაციას, ვერც მათი ინტერესების არტიკულაციას, მეტიც, მცირე გამონაკლისების გარდა, ვერც კი გრძნობენ ამის საჭიროებას. შესაბამისად, ცოტა პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ NGO-ებიც ჩამოყალიბდნენ გარკვეულ ელიტურ ჯგუფად, რომლის ნაწილიც ხელისუფლებას უჭერს მხარს, უფრო დიდი ნაწილი – ოპოზიციას, ნაწილსაც საერთოდ არაფერი აინტერესებს, გარდა საკუთარი კონკრეტული საქმიანობისა. ისინი არ წარმოადგენენ მოქალაქეთა ფართო ფენას, რომლის სახელითაც საუბარსა და მოქმედებას შეძლებდნენ. 

შეიძლება თუ არა ამ მიმართულებით პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა? იმავე სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებით, პირველ რიგში საჭიროა საჯარო სფეროს შექმნა. საჯარო სფერო – ესაა საფუძველი, რომელსაც ეყრდნობა ნებისმიერი სამოქალაქო აქტივობა, რადგან სწორედ აქ ხდება არგუმენტების გაცვლა, რის შედეგადაც შეიძლება იმ პრობლემების იდენტიფიკაცია, რომელთა ირგვლივაც მოქალაქეების მობილიზაცია უნდა განხორციელდეს. 

ტრადიციულად, საჯარო სფეროს ინსტიტუციონალიზაცია მასმედიის საშუალებებში ხდება. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, ელექტრონული მედიის უდიდესი ნაწილი, პოლიტიკურ ბრძოლაში  ინსტრუმენტს – და არა არენას – წარმოადგენს. ხოლო ბეჭდური მედიის ასევე დიდი ნაწილი სრულიად უვარგისია ნებისმიერი არგუმენტირებული დისკუსიის წარმართვისთვის.

თუმცა ამ ბოლო დროს გარკვეული ცვლილებები შეინიშნება. პირველ რიგში, ესაა სოციალური მედიის აღმასვლა, რომელიც, რასაკვირველია, არაა საქართველოს შიდა განვითარების შედეგი, მაგრამ უკვე დაიწყო ქართული მედიალანდშაფტის შეცვლა. მე იმდენად ინფორმაციის გავრცელების ალტერნატიულ წყაროებზე არ მაქვს ლაპარაკი. საქმე ბევრად უფრო მნიშვნელოვან რაღაცას ეხება – ქართული საჯარო სფეროს ინსტიტუციონალიზაციას. თუ თქვენ გინდათ ხარისხიანი დებატები, ისინი სოციალური მედიის შიგნით მიმდინარეობს. გარდა სოციალური მედიის აღმასვლისა, არსებობს მეორე ფაქტორიც – უკანასკნელ პერიოდში ადგილი ჰქონდა ასევე ადგილობრივ პროცესებს, რომლებიც ხელს უწყობს საჯარო სფეროს ინსტიტუციონალიზიაციას – ჯერ ჟურნალი ლიბერალი შეიქმნა, შემდეგ – ტაბულა, რამაც, პირველად უკანასკნელი ოცი წელიწადის მანძილზე, რელევანტური გახადა იდეოლოგიური დებატები მემარჯვენე და მემარცხენე ჯგუფებს შორის, უფრო სწორად კი, შესაძლებელი გახადა ასეთი ჯგუფების ჩამოყალიბება.  ჩემი აზრით, რაც ამ დებატებს აკლია, ესაა პოლიტიკური ცენტრის შეგრძნება, რომლის გარეშეც სტაბილური პოლიტიკური სისტემა შეუძლებელია. იმედი ვიქონიოთ, რომ იდეოლოგიური რადიკალიზმი „საყმაწვილო სენია”, რომელიც პროცესის დასაწყისს ახასიათებს და თანდათანობით ნაკლებად შესამჩნევი გახდება. 

პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციის ანუ უახლოეს წლებში ჰიბრიდული რეჟიმიდან დემოკრატიაზე გადასვლის დიდი იმედი არ მაქვს – თუ შევთანხმდებით, რომ ამ პროცესში განმსაზღვრელი პოლიტიკური კლასია, იმასაც უნდა მივხვდეთ, რომ ეს პოლიტიკური კლასი  – წარმოდგენილი როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში – ერთი ხელის მოსმით არ შეიცვლება. მეტიც, თუ 2003 წლის შემდეგ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური კლასის არნახულ გადახალისებას, რომელიც მნიშვნელოვანწილად ასაკობრივ ფაქტორთან იყო დაკავშირებული, დღეს ამგვარი პროცესის მოლოდინი ნაკლებად შეიძლება გვქონდეს. თუმცა სწორედ საჯარო სფეროს განვითარება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გამოჩნდნენ ახალი ადამიანები, ახალი იდეები, ახალი ორგანიზაციები და ახალი მოძრაობები, რომლებსაც შედეგად ქვეყნის პოლიტიკური სისტემის პლურალიზაცია და „პოლიარქიზაცია” მოჰყვება. 
 

კომენტარები